ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის, ჯორჯ თაუნისა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტების მაგისტრანტებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის, ჯორჯ თაუნისა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტების მაგისტრანტებს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის, ჯორჯ თაუნისა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტების მაგისტრანტებს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტების სტუდენტები საქართველოში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო–რუსეთის ურთიერთობები და ევროინტეგრაციის საკითხები. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტუდენტებმა ირაკლი ღარიბაშვილისგან მოისმინეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე. შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სტუდენტებმა მოისმინეს თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და მიუხედავად ამისა, რა წარმატებას მიაღწია. ერთ–ერთი მთავარი მესიჯი პრემიერ–მინისტრისგან იყო ის, რომ სასურველია მეტი ამერიკული და საერთაშორისო ორგანიზაციები და წარმომადგენლობა იყოს საქართველოში, რაც დაეხმარება ქვეყანას წინსვლაში", – განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუდენტები, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტებში სახელმწიფო მართვის სპეციალობას ეუფლებიან, საქართველოში სამი დღით იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.