მოსკოვთან ხელმოწერილ ხელშეკრულებას თიბილოვი ისტორიულს უწოდებს-ამის შესახებ განცხადება, რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გააკეთა. თიბილოვის განცხადებით, მისი გაფორმება აკონკრეტებს არა მხოლოდ 2008 წელს ხელმოწერილ საბაზისო შეთანხმებას, არამედ აფართოებს ჩარჩო-ხელშეკრულებას სამართლებრივ კონსტრუქციად, რაც ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ლეონიდ თიბილოვმა ჟენევის ფორმატთან დაკავშირებითაც ილაპარაკა და თქვა, რომ ქართული მხარე მასზე მუდმივად აყენებს ისეთ საკითხებს, რომელიც ცდება არსებულ ფორმატს. ხოლო რაც შეეხება ხელმოწერილ დოკუმენტთან დაკავშირებით მსოფლიო ქვეყნების მხრიდან არსებულ არაღიარების პოზიციას, თიბილოვი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას ფიქრობს მსოფლიო. მისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ძირითადი პარტნიორი - რუსეთი.
„ეს დოკუმენტი უდავოდ სტრატეგიული მასშტაბის და ისტორიული მნიშვნელობისაა. მისი გაფორმება აკონკრეტებს არა მხოლოდ 2008 წელს ხელმოწერილ საბაზისო შეთანხმებას, არამედ აფართოებს ჩარჩო-ხელშეკრულებას სამართლებრივ კონსტრუქციად, რაც ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს. ამ დოკუმენტში სამხრეთ ოსეთის მოკავშირის სტატუსის ჩადება და საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცის შექმნა ჩვენთვის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვასთან ერთად საერთაშორისო პოზიციების გამყარების გარანტიასაც იძლევა,” - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ მოსკოვსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის ე.წ. "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა.