გერმანული გამოცემა “Die Zeit”-ის ინფორმაციით, პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსი სერ პოლ მაკარტნი ახალი კომპიუტერული თამაშით დაინტერესდა.
ცნობილი გახდა, რომ მაკარტნი ამ თამაშისათვის სპეციალურ საუნდტრეკს შექმნის. ჯერჯერობით უცნობია მისი სახელწოდება და თემატიკა.
ჟურნალის წარმომადგენელთან საუბრისას მუსიკოსმა განაცხადა, რომ კომპიუტერული თამაშები ამჟამად გაცილებით მეტი რაოდენობით იყიდება ვიდრე სხვადასხვა მუსიკალური კომპაქტ დისკები. ამ მიზეზის გამო საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა ახალ სფეროში გადაწყვიტა. მაკარტნი საუნდტრეკისათვის ახალ მელოდიას დაწერს და “The Beatles”-ის რომელიმე პოპულარული კომპოზიციის ქოუვერ-ვერსიას არ შექმნის.
საინტერესოა რომ 2009 წელს დღის სინათლე კომპიუტერულმა თამაშმა “The Beatles: Rock Band” იხილა. მასში გამოყენებული გახლდათ ლეგენდარული ჯგუფის რამდენიმე ათეული კომპოზიცია.
სერ პოლმა ცოტა ხნის წინ ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. ამ ჩანაწერის სახელწოდებაა “Kisses On The Bottom”.
ეს ნამუშევარი დღის სინათლეს მიმდინარე წლის 7 თებერვალს იხილავს.
ალბომში ძირითადად განთავსებულია წინა საუკუნის 20-30-იანი წლების პოპულარული ჯაზური მელოდიების თანამედროვე ქოუვერ ვერსიები. რასაკვირველია ვიხილავთ სერ პოლის მიერ დაწერილ რამდენიმე ახალ კომპოზიციასაც.
მუსიკოსის ინფორმაციით, ეს ნამუშევარი მისი მამის ხსოვნას ეძღვნება. მასში წარმოდგენილი ძველი კომპოზიციები მაკარტნის მშობელს თავის დროზე ძალიან უყვარდა.
დისკის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს მომღერალმა დაიანა კროლმა, ბას-გიტარისტმა ჯონ კლეიტონმა, ერიკ კლეპტონმა, სტივ უანდერმა და პროდიუსერმა ტომი ლიპუმამ.