საპარლამენტო უმცირესობა, მთავრობის მიერ 181 ათას ლარზე მეტი ღირებულების რბილი ავეჯის შეძენის საკითხს ეხმაურება.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავრობა ქამრების შემოჭერის ნაცვლად, ახალი ავეჯისა და მანქანების შესყიდვით არის დაკავებული.
"რა უსუსური პასუხებიც არ უნდა მოვისმინოთ, მთავარი არის, რომ მთავრობის სიტყვა არის ერთი და საქმე მეორე. ხელისუფლებაში ერთს ამბობენ და აკეთებენ მეორეს. საზოგადოებისთვის აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და ამ დროს ყიდულობენ ახალ მანქანებს ვითომ სტუმრებისთვის. აცხადებენ, რომ რბილი ავეჯი უნდა ამოვიღოთ, რადგან სახელმწიფოს გაუჭირდა და ამ დროს ყიდულობენ 180 ათასი ლარის ღირებულების ავეჯს. Aაქედან გამომდინარე, მათი სიტყვა და საქმე არის განსხვავებული. მინდა მოვუწოდო, დაკავდნენ საქმით, მიხედონ გაუფასურებულ ლარს და პროდუქტებზე ფასების ზრდას. თავი დაანებონ რბილ ავეჯს და მანქანების შესყიდვებს, რადგან ცოტა ხანში მათ მოუწევთ რამდენიმე ასეული მილიონით ბიუჯეტის შეკვეცა. სავარაუდოდ, მთელი რიგი პროექტების შემცირება და გაუქმება", - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულისთვის შესყიდული რბილი ავეჯის შესახებ ფინანსური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შექმნილი ფინანსური კრიზისის პირობებში, პრემიერ-მინისტრისთვის იტალიაში დეკემბერში განხორციელებული შესყიდვების საფუძველზე 181 401 ლარის რბილი ავეჯის შეძენა განხორციელდა.