ფართოდ უნდა გავხსნათ აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი, ორმხრივი ურთიერთობის ყველა შესაძლებობა

ფართოდ უნდა გავხსნათ აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი, ორმხრივი ურთიერთობის ყველა შესაძლებობა

ფართოდ უნდა გავხსნათ აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი, ორმხრივი ურთიერთობის ყველა შესაძლებობა, - ესაა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას აზრით ის ნაბიჯი, რითაც საქართველომ რუსეთის მიერ ცხინვალთან ე.წ. მოკავშირეობის შეთანხმების გაფორმებას უნდა უპასუხოს.

ალასანიას განმარტებით, თავად ოკუპირებულ რეგიონებშიც კარგად ხედავენ რომ ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ რუსეთთან მათი ასიმილაცია მიმდინარეობს.

"პირველ რიგში გასაკეთებელია ის, რომ ყველა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეფასება უნდა მისცეს რუსეთის ამ ნაბიჯს. ასევე მნიშვნელოვანია ეს რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ურთიერთობებში, იგივე აბაშიძე-კარასინის ფორმატში აისახოს. მესამე რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა ის, რომ ფართოდ გავხსნათ ყველა შესაძლებობა აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი ორმხრივი ურთიერთობების. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ ოკუპაცია-ანექსიის შედეგად პრაქტიკულად მიმდინარეობს რუსეთთან მათი ასიმილაცია. ეს მათ ინტერესებში არ შედის, ამიტომ ჩვენ არაფორმალური თუ სახალხო დიპლომატიის გზით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ მათთან ორმხრივი ურთიერთობები გავაღრმავოთ და დავანახოთ, რომ ევროპაში ჩვენთან ერთად მათი მომავალი ბევრად მეტად პერსპექტიულია, ვიდრე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ", - განუცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის შეფასებით, ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ.ხელშეკრულების გაფორმება მოსკოვის მხრიდან თბილისისადმი გადაგმული კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯია.

"ეს კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც მოსალოდნელი იყო. თუმცა, საქართველოს მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ ამ დოკუმენტს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. საერთაშორისო სამართალი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თავისი სუვერენიტეტის საზღვრებში ცნობს, რაც დადასტურებულია გაერო-ს რეზოლუციებით, აქედან გამომდინარე, ამას არ ექნება სამართლებრივად არანაირი შედეგი", - განმარტა ირაკლი ალასანიამ.