საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ირმა ნადირაშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ცქიტიშვილმა ნადირაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ ნამდვილად გაფორმდა ორი ხელშეკრულება დეკემბერში ავეჯის შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ავეჯი ირაკლი ღარიბაშვილისთვის არ არის განსაზღვრული.
"ავეჯი არ არის შეძენილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისთვის, ეს ავეჯი არის შეძენილი იმ სივრცისთვის რომელიც არ გვქონდა მთავრობის ადმინისტრაციაში. არ გვქონდა შესაბამისი სივრცე, რომელიც იყო საჭირო მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად. პროტოკოლით არის გათვალისწინებული სხვადასხვა ფორმატები, რომელიც ითვალისწინებს როგორც პირისპირ შეხვედრებს, ისე დეგელაციის შეხვედრებს. ადმინისტრაციის მიმდინარე რემონტის ფარგლებში ბუნებრივია ვაწყობთ ასეთ სივრცეებს, რომელთაც სჭირდებათ შესაბამისი აღჭურვილობა", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ირმა ნადირაშვილმა ავეჯის ფასებიც არასწორად წარმოადგინა.
"ქალბატონ ირმას არასწორად ჰქონდა ციფრები მითითებული, რადგან იქ სადაც უწერია, რომ 1 სკამი ღირს 15 000, სინამდვილეში 84 სკამი ღირს ამ ღირებულების. ციფრები, რომ რაღაც ნივთი ღირდა 24000, სინამდვილეში ღირდა 2000 ლარი. ეს ინფორმაცია არ იყო გაცემული ჩვენს მიერ და ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც არის არასწორი ინფორმაცია", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
მისივე თქმით, ბატუტიანი საწოლის შესყიდვა არ მომხდარა. ცქიტიშვილის განმარტებით, ეს არის იტალიურიდან არასწორი თარგმანი.
"საწოლის შესყიდვა ნამდვილად მოხდა. იყო ერთი საწოლი, რომელიც ღირდა 950 ევრო ანუ 2200 ლარი. საწოლი არის გათვალისწინებული პირველი პირისთვის, რომელსაც უწევს დილის 4 საათამდე მუშაობა", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულისთვის შესყიდული რბილი ავეჯის შესახებ ფინანსურ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შექმნილი ფინანსური კრიზისის პირობებში, პრემიერ-მინისტრისთვის იტალიაში დეკემბერში განხორციელებული შესყიდვების საფუძველზე 181 401 ლარის რბილი ავეჯის შეძენა განხორციელდა.