ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადებით, რაიონში სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას კომპენსაციის სახით თანხის ნაცვლად მაკარონი, კარტოფილი და ზეთი დაურიგეს.
ამის შესახებ ჩილინგარაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა და განმარტა, რომ მოსახლეობისთვის პროდუქტების გადაცემა მარტში მოხდა, როცა პრემიერის ბრძანებით, ეს ზამთარში უნდა განხორციელებულიყო.
"2014 წლის 14 სექტემბერს ადიგენის რაიონში ძალიან დიდი სეტყვა მოვიდა, რის გამოც მთლიანად განადგურდა 8 სოფლის მოსავალი. ბევრი "ჯახის" და დარდის შემდეგ, როგორც იქნა, გამოიყო 321 ათასი ლარის ოდენობის თანხა (მილიონ 50 ათასი იყო ზარალი, მაგრამ არაუშავს) და ვიღაცამ ყველასთვის დაუკითხავად გადაწყვიტა, რომ ფული კი არ დაერიგებინა მოსახლეობისთვის, არამედ მიეტანა მაკარონი, კარტოფილი და ზეთი, თან პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით, აღნიშნული ხალხის მომარაგება ზამთრის პერიოდში უნდა მომხდარიყო, თუმცა ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით მათ გაზაფხულზე, მარტში მიუტანეს ზამთრისთვის გამოყოფილი ეს პროდუქტები. ქალბატონებო და ბატონებო, მე ვიცი ბიუჯეტის სეკვესტრი, იმიტომ რომ შევარდნაძის პერიოდში მიცხოვრია, უკვე თქვენ პერიოდშიც ვხვდები, რომ იქნება იგივე სეკვესტრი, მაგრამ გაზაფხულის სეკვესტრი? ერთი თვე ჩამოაჭრა და ზამთარს მივაწეროთ?", - განაცხადა ზურაბ ჩილინგარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, რაიონის მოსახლეობისთვის კომპენსაციის სახით პროდუქტების დარიგების საქმეში "კორუფციის სუნი სცემთ", რის გამოც ჩილინგარაშვილმა დღეს სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართა.
"ამის მერე რაიონის გამგეობამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ არა ტენდერის საფუძველზე მოეხდინა ამ პროდუქტების შეძენა და განაწილება, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და მოხდა ასეთი რამ: ამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით რატომღაც კონკურსში გაიმარჯვა საკრებულოს ერთ-ერთი წევრის ყოფილმა ფირმამ, რომელიც ახლა, ალბათ, ან ცოლზე ექნება გადაფორმებული, ან ძმაზე, ან დედაზე, ან სიდედრზე ან ვიღაცაზე. აქ გვცემს კორუფციის სუნი. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს მიიღონ ეს მხედველობაში. თანაც, გარიგება მოხდა ძალიან არასწორად. ერთ მეზობელს მისცეს ერთი ტომარა, მეორეს მისცეს 25 ტომარა, როცა ერთმანეთს ესაზღვრება ნაკვეთები", - აღნიშნა მან.