"თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი საკითხი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ დააყენა და "ქართულ ოცნებას" საზოგადოებისთვის აღნიშნული კუთხით მიცემული დაპირება შეახსენა.
"ეკონომიკური სტაბილურობა დამოკიდებულია პოლიტიკურ სტაბილურობაზე. აქედან გამომდინარე, მინდა კოლეგებს, კოალიცია "ქართულ ოცნებას", რომელთან ერთადაც ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა გამოვიარეთ, შევახსენო დაპირებები, რომელიც ჰქონდა 2012 წელს და რომელიც უკავშირდებოდა სამართლიანობის აღდგენას და კონკრეტულად, სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას. დღეს არსებული საარჩევნო სისტემა არის მახინჯი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ჩვენ ამ სისტემის შეცვლას დავპირდით ხალხს. ამიტომ მოგმართავთ კოლეგებო, რომ დავიწყოთ ამაზე მუშაობა", - განაცხადა აბაშიძემ.
დეპუტატის განმარტებით, მარტო განცხადებები და დეკლარაციები "საქმეს ვერ უშველის".
"მარტო განცხადებებით ვერ შემოვიფარგლებით. დღეს პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კოალიცია "ქართულ ოცნებას" იმაზე, რომ შეცვალოს საარჩევნო სისტემა. წამზომი ჩართულია ამ მიმართულებით. დრო ცოტაა. დეკლარაციები, განცხადებები ამ საქმეს ვერ უშველის", - აღნიშნა აბაშიძემ.