საპარლამენტო უმცირესობამ ავტოდილერებისთვის საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა

საპარლამენტო უმცირესობამ ავტოდილერებისთვის საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა

საპარლამენტო უმცირესობამ ავტოდილერებისთვის საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა. როგორც პარლამენტის დღევანდელ სესიაზე უმცირესობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, ავტომობილების ბიზნესი საშინელ მდგომარეობაშია. მისი თქმით, მდგომარეობის გამოსასწორებლად ავტოდილერებს საბაჟო გადასახადზე უნდა დაუწესდეთ განვადება და გადაუვადდეთ სანქცია-საურავები.

"ყველაზე მთავარი საკითხი არის მანქანების ბაზრობა. ეს ბიზნესი ბოლო 4 წლის განმავლობაში შეიქმნა. შეიქმნა პირობები, რომ ავტომობილების არმწარმოებელ ქვეყანაში, მანქანები შემოდიოდა და შემდეგ რეექსპორტით გადიოდა. შემოსავალი იყო 700 მილიონ ლარზე მეტი. დღეს ეს ბიზნესი საშინელ მდგომარეობაშია. ათასობით ადამიანი გაკოტრების წინაშე დგას. ამ ადამიანებს ჭირდებათ შველა. ჩვენ მოვამზადეთ საკანონმდებლო პაკეტი, მაგრამ არ გვაქვს იმედი რომ გაიზიარებთ და არ გადადებთ გვერდზე. კანონპროექტს უერთდება რამდენიმე ათასი ადამიანი რომელიც ითხოვს საბაჟო გადასახადის განვადებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მივიღოთ უფრო მეტი გაღარიბებელი ადამიანი. უნდა გადავუვადოთ სანქცია-საურავები", - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ეკონომიკა კარგ ფორმაშია და კრიზისის გეგმა არ არსებობს, რადგან კრიზისი არ არის. მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა თავის მოქმედებით ცეცხლზე ნავთს ასხამს.

"9 პროცენტით შემცირდა სავაჭრო ბრუნვა და 26 პროცენტით ექსპორტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი გაღარიბდა, ეს ნიშნავს, რომ სავალუტო შემოდინენები ამ ქვეყანაში აღარ არის იმდენი, რამდენიც იყო. გადმორიცხვები შემცირდა 21 პროცენტით. სავაჭრო სფეროსთან დაკავშირებით შემოტანილი იყო ინიციატივა, რომელზეც ვითხოვდით, დაჩქარებულ რეჟიმში ყოფილიყო განხილვა, რადგან ახლა უჭირს ყველაზე მეტად ბაზრობებზე განთავსებულ ობიექტებს, მცირე სავაჭრო ობიექტებს და იმ ობიექტებს, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად დააკლდა შემოსავალი. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობასთან ამ ინიციატივებზე ერთად გვემსჯელა, ეს ინიციატივა გადაიტანეთ და არ გინდათ ამ ინიციატვის განხილვა, რადგან კარგად იცით, რომ 1 აპრილს მოგების გადასახადი უნდა იყოს დეკლარირებული", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.