ევროინტეგრაციის მიმართულებით 2014 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ევროინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ორმოცდამეთორმეტე სხდომაზე.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის კანცელარიიდან აცნობეს, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის იმპლემენტაციის მდგომარეობას და განსახორციელებელ ღონისძიებებს.
მათივე ინფორმაციით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პრემიერ–მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ეროვნული სამოქმედო გეგმის 2015 წლის პირველი ორი თვის განხორციელების თაობაზე. სხდომაზე ასევე განიხილეს ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის საკითხები.
ევროინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა რიგის სამიტისთვის მზადების პროცესზე.