პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანსიები სავარაუდოდ, მომავალი სასესიო კვირისთვის შეივსება

პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანსიები სავარაუდოდ, მომავალი სასესიო კვირისთვის შეივსება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, კომიტეტის თავმჯდომარეების ვაკანსიები სავარაუდოდ, მომავალი სასესიო კვირისთვის შეივსება.

როგორც მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გარკვეული კომიტეტების თავმჯდომარეებზე შეთანხმება უკვე მიღებულია.

"მომავალი კვირისთვის მივიღებთ გადაწყვეტილებას კომიტეტების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით. ორ კომიტეტზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, გადაწყვეტილება დიასპორის კომიტეტთან დაკავშირებით უკვე მიღებულია, ასევე გადაწყვეტილბა მიღებული გვაქვს საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტთან დაკავშირებით. რაც შეეხება დანარჩენ კომიტეტებს, ამაზე მომავალ სასესიო კვირაში ვიმსჯელებთ", - განაცხადა კობახიძემ.

ამჟამად ოთხ საპარლამენტო კომიტეტს თავმჯდომარე არ ყავს. დიასპორასთან ურთიერთობის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს. აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობიდან წარდგენილია ორი კანდიდატი - "ქართული ოცნების" წევრი თემურ ჭკუასელი და ფრაქცია "ქართული ოცნება ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელი შალვა კიკნაველიძე.

ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურა წარადგინა საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტში და ამ პოსტზე პარლამენტს თამაზ მეჭიაურის კანდიდატურა შესთავაზა. ღიად რჩება ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვის კომიტეტების კანდიდატურების საკითხი. პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძის დასახელება სურს. ამასთან, მმართველ გუნდში იმასაც ამბობენ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე შესაძლოა, თინა ხიდაშელის არჩევა მოხდეს. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილს, აღნიშნულ თანამდებობაზე სახელდება ნანა ყეინიშვილი, დავით ლორთქიფანიძის და კარლო კოპალიანის კანდიდატურები, თუმცა მათგან არცერთი ოფიციალურად წარდგენილი არ არის.