14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს, რომელიც ექიმს აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკის მიზნით მიმართავს, უფლება ექნება, ტესტირება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ჩაიტაროს.
ამავდროულად, აღნიშნულ პირებს ინფორმაცია არასრულწლოვანი პაციენტის მიერ ამგვარი დიაგნოსტიკის ჩატარების შესახებ არ მიეწოდებათ, ხოლო დადებითი შედეგის გამოვლენისას, აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკის კონფიდენციალურობისა და მშობლის შეტყობინების წესს ჯანდაცვის მინისტრი განსაზღვავს.
ამ ყველაფერს "პაციენტის უფლებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს ჯანდაცვის კომიტეტმა შესთავაზა.
როგორც პროექტის ავტორები დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური განმარტავენ, პროექტის შემუშავების მიზეზია არსებული კანონმდებლობით 14-დან 18
წლამდე ასაკის არასრულწლოვანთათვის აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკისას სამართლებრივი ბარიერის არსებობა. მოქმედი ნორმების თანახმად, 14-დან 18 წლამდე პირისათვის სამედიცინო სერვისით სარგებლობა (მათ შორის დიაგნოსტიკა)
მშობლის თანხმობის აუცილებლობას ითვალისწინებს, რაც ხშირ შემთხვევებში ამ ასაკობრივი ჯგუფის პირთა აივ ტესტირებისას ბარიერს წარმოადგენს.