რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმების გამო რუსეთს მკაცრად აკრიტიკებენ

რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმების გამო რუსეთს მკაცრად აკრიტიკებენ

რუსეთსა და ცხინვალს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერის გეგმებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ. ზანიერი ეუთო-ს უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად აშშ-ში იმყოფება და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის პრინციპების შესახებ „კურიერის" კორესპონდენტთან ისაუბრა.

„მე საკმაოდ შეშფოთებული ვარ. ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში და მოვინახულე ადგილი მავთულხლართებთან. ასევე, ვესაუბრე ხალხს ამ მავთულხლართების ორივე მხარეს. ეს უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობასა და ადამიანების ცხოვრებაზე. ჩვენ ევროპაში განვაგრძობთ იმაზე მუშაობას, რომ იყოს ნაკლები საზღვრები და უფრო ადვილი მიმოსვლა, რათა შევუწყოთ ხელი ხალხის თავისუფალ გადაადგილებას და შევინარჩუნოთ ეუთო-ს პრინციპები ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის შესახებ", - განაცხადა ზანიერიმ.

ეუთო-ს კიდევ  ერთი წარმომადგენელი ხელშეკრულების გაფორმების პარალელურად, ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს უსვამს ხაზს. დეიან შაჰოვიჩის განცხადებით, მხარეები განიხილავენ, თუ როგორ იმოქმედებს ეს როგორც ჟენევის ფორმატზე, ასევე მხარეებზე სამხრეთ კავკასიაში.

„ეს არ არის პირველი შეთანხმება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აფორმებს აფხაზეთის შემდეგ ახლა სამხრეთ ოსეთთან", - აცხადებს ეუთო-ს წარმომადგენელი.

პირველი კომენტარი რუსეთსა და ცხინვალის მთავრობას შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებაზე, სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რეგიონები საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და აშშ განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

მოგვიანებით მოსკოვში დაგეგმილ ხელმოწერაზე განცხადება გაავრცელა ამერიკის საგარეო დიპლომატიურმა უწყებამაც.