ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შესაძლოა ე.წ. სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ინსტიტუტი დამკვიდრდეს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოამზადა.
"ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის მხარე ან მესამე პირი განსახილველ საქმეში, უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე, საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება წარუდგინოს. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არა საქმეში რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება აღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით არ არის შედგენილი, იგი მას არ განიხილავს.
ამასთან, პროექტის გათვალისწინებით, სასამართლო ვალდებული არ არის წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები გაიზიაროს, თუმცა თუ სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, მას უფლება აქვს "სასამართლოს მეგობრის" მიერ გამოგზავნილი მოსაზრება გამოიყენოს, რომელიც შესაძლებელია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აისახოს.
ამჟამად "სასამართლოს მეგობრის" ფუნქციას სახალხო დამცველის აპარატი სისხლის სამართლისა და საკონსტიტუციო სასამართლეობთან მიმართებით იყენებს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დაგეგმილი ცვლილებებით სახალხო დამცველს საშუალება ექნება სასამართლო მეგობრის ინსტიტუტი არა მხოლოდ სისხლის სამართლისა და საკონსტიტუციო სამართლის საქმეებზე, არამედ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებითაც გამოიყენოს.