უკრაინის მთავრობა დონეცკსა და ლუგანსკში მხოლოდ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს. ამის შესახებ ტელეკომპანია ТСН-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, დონბასში არჩევნები გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს და მას საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა დააკვირდნენ. პოროშენკომ ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ ამგვარ შედეგებს აღიარებს ცივილიზებული მსოფლიო. "სხვა სახის არჩევნები უკრაინაში არ ჩატარდება. ჩვენი პოზიცია ასეთია: უკრაინის მთავრობა დონეცკისა და ლუგანსკის მხოლოდ იმ წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს, რომლებიც უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებულ არჩევნების შედეგად იქნებიან არჩეულები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დონეცკსა და ლუგანსკში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს, თუმცა, არჩევნების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.