ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდმა" გაიმარჯვა.
"ბიბისის" ცნობით, არჩევნებში მონაწილეთა ხმათა უმრავლესობა უკვე დათვლილია. წინასწარი შედეგებით, "ლიკუდი" 120-ადგილიან ქნესეთში 29 ადგილს დაიკავებს, მისი კონკურენტი მემარცხენე-ცენტრისტული პარტია კი 24 ადგილს. თუ მონაცემები არ შეიცვალა, კოალიციის შექმნა ნეთანიაჰუს სხვა პარტიებთან ერთად მოუწევს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა თელ-ავივში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა, ის უკვე ესაუბრა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ლიდერებს მთავრობის ფორმირების შესახებ.
ნეთანიაჰუმ ჩატარებულ არჩევნებს "ლიკუდის" უდიდესი გამარჯვება უწოდა. მმართველი პარტიის მომხრეები მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ გამარჯვებას. არჩევნების ჩატარებამდე ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ მეოთხე ვადით გამარჯვების შემთხვევაში, ის არ დაუშვებს პალესტინური სახელმწიფოს შექმნას.