დღეს ბათუმის პრესკაფეში საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარის, მურმან დუმბაძის ინიციატივით, ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენების საკითხთან დაკავშირებით აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, სპეციალური ბრიფინგი გამართეს და მიხეილ სააკაშვილის, რეჯებ ტაიპ ერდოღანისა და ბათუმში თურქეთის კონსულის სახელზე მიმართვა შეიმუშავეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
როგორც მურმან დუმბაძემ აღნიშნა, ამ ღონისძიებას რესპუბლიკელებისა და კობა დავითაშვილის “ხალხის პარტიის“ გარდა ესწრებოდა აჭარაში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი - „ისინი არ მომიწვევია, რადგან მათი პოზიცია უკვე ცნობილია“.
მიმართვას სხვებთან ერთად ხელი აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქრისტიან-დემოკრატმა“ წევრმა, ნიაზ ზოსიძემაც მოაწერა. მურმან დუმბაძის თქმით, მიმართვაზე ხელმოწერები გრძელდება და სავარაუდოდ, დღესვე გადათარგმნიან თურქულ ენაზე და ადრესატებს ჩააბარებენ.
მიმართვის ტექსტი კი ასეთია:
„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, განსაკუთრებით სსრკ–ს დაშლის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს მიერ მეზობელი თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადება, კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბება და გაღრმავება უდავოდ მისასალმებელია. ამ მხრივ ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთსა და საქართველოს შორის დადებული პოლიტიკური, სავაჭრო–ეკონომიკური, კულტურული ხელშეკრულებების პოზიტიური შედეგები სახეზეა.
ამასთან, თქვენს ყურადღებას მივაქცევთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის თაობაზე თურქეთსა და საქართველოს შორის საკითხის სირთულის გამო საკმაო ხნის განმავლობაში გაჭიანურებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც ეხება თურქეთის ტერიტორიაზე მეათე საუკუნის უმნიშვნელოვანესი კულტურის ძეგლის–ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში მე–19–ე საუკუნის ოსმალეთის იმპერიის სულთნის – აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენებას.
ნებისმიერ, მათ შორის მეზობელ სახელმწიფოსაც შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ინტერესი, მაგრამ ხელმოსაწერად გამზადებულ დოკუმენტში არარსებული მეჩეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადება და ახლის აშენების უფლების მოპოვება არის ნაცვალგების პრინციპის დარღვევა და სცილდება ორი ქვეყნის კულტურული თანამშრომლობის სფეროს.
შესაძლო ხელშეკრულება აშკარად პოლიტიკურ დატვირთვას იძენს, რადგან განზრახულობა ბათუმისათვის, აჭარისათვის, საქართველოსათვის უაღრესად ტრაგიკულ პოლიტიკურ ისტორიას შეგვახსენებს. არათანაზომადი პირობებით ხელშეკრულების გაფორმება, სახიფათო პრეცენდენტს ქმნის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაშიც.
გამოვხატავთ რა ჩვენს კეთილგანწყობას საკუთარი და არა მარტო საკუთარი მუსლიმანი მოქალაქეების რელიგიური მემკვიდრეობის მიმართ, გამოვთქვამთ შეშფოთებას იმის გამო, რომ ისტორიული მეხსიერების გაუთვალისწინებლობას შესაძლოა მოჰყვეს არა მარტო ვნებათაღელვა, არამედ ესკალაციაც კი. ამის შესახებ ჯერ კიდევ 4 წლის წინ გვაფრთხილებდა საქართველოს პატრიარქი, რომელიც მოსახლეობაში სარგებლობს განუზომელი ავტორიტეტით.
გვინდა ავღნიშნოთ, რომ თურქეთში დაცული ისტორიული ოშკი თავისი ღირებულებით სცილდება როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის სახელმწიფოებრივი ინტერესის ფარგლებს და წარმოადგენს მსოფლიო კულტურის საგანძურს. ამდენად, მისი დაცვა უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმებით. ჩვენ თავს ვივალდებულებთ გაცნობოთ ყოველივე ზემოთ თქმულის შესახებ“.