ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპებს არღვევს.
ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც 18 მარტს, მოსკოვში, რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას ეხებოდა.
"ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კუთხით. ნებისმიერ ყველა ასეთი ე.წ. ხელშეკრულება არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ამიტომ, ყველა ამ ნაბიჯს ნეგატიურად ვაფასებთ", - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.
ევროკომისარმა, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა ამავე საკითხის კომენტირებისას განაცხადა, ე.წ. ხელშეკრულებები კიდევ ერთი ნიშანია და დამამტკიცებელი საბუთი იმის, რომ რუსეთი არ მუშაობს ნდობის აღდგენის მექანიზმებზე.
კომენტარები "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გაავრცელა.