აშშ არ აღიარებს რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის დაგეგმილ "შეთანხმებას", - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
"აშშ-ის პოზიცია სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ნათელია. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელ ნაწილებად რჩება. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს რაიმე სახის ე.წ. შეთანხმების კანონიერებას საქართველოს ამბოხებული რეგიონების ფაქტობრივ ლიდერებსა და რუსეთის ფედერაციას შორის. არც ეს შეთანხმებები, არც სხვა, რომელსაც 2014 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა აფხაზეთის ლიდერსა და რუსეთს შორის, არ წარმოადგენს ნამდვილ საერთაშორისო შთანხმებას. რუსეთმა ყველა საკუთარი ვალდებულება უნდა შეასრულოს, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით აიღო და უარი თქვას საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობისგან", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს ჟენევის დისკუსიებს, როგორც საშუალებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებში, პროგრესის მისაღწევად სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.