დავით უსუფაშვილი:   არავინ საუბრობს იმაზე, რომ ვიღაცას უკანონობა და დანაშაული ეპატიება

დავით უსუფაშვილი: არავინ საუბრობს იმაზე, რომ ვიღაცას უკანონობა და დანაშაული ეპატიება

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, არავინ საუბრობს იმაზე, რომ ვიღაცას უკანონობა და დანაშაული ეპატიება - იქნება ეს პარლამენტის წევრი თუ სპეცრაზმელი.

უსუფაშვილმა დღეს განმარტებები სპეცრაზმელებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე გააკეთა. კითხვაზე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ უსამართლობაა, ღონისძიების შესრულების გამო სპეცრაზმელის დასჯა, ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში ე.წ. კორტების საქმეზე სპეცრაზმელების დაკავებასთან, დავით უსუფაშვილმა განაცხადა: "აქ საუბარი იმაზე, რომ თუ კონკრეტულ სიტუაციაში რაიმე კანონია დარღვეული, ჩვენ უნდა მივაკვლიოთ კანონის დარღვევის სათავეს, თუ ვინ დაარღვია კანონი – თქვენ მოქმედებდით კანონის შესაბამისად და სხვამ გამოიყენა თქვენი მოქმედება უკანონოდ, თუ კონკრეტულ დანაშაულში თქვენც მიგიძღვით ბრალი. დამნაშავე არ უნდა დავსაჯოთო, ეს არავის უთქვამს და არც იტყვის. ამასობაში არსებობს იერარქია, არსებობს უკანონო ბრძანება, არსებობს შემთხვევა, როდესაც მაგალითად, სპეცრაზმელს ხელმძღვანელობამ დაავალა, რომ ახლა მე და თქვენ ამ შენობას ავაფეთქებთ და საჭიროა ჩვენი განადგურება. აქ რა უნდა ქნას სპეცრაზმელმა, ჯერ უნდა გამოიკვლიოს ჩვენ მართლა ვაპირებთ ამას, თუ მიღებულ ბრძანებას დაემორჩილოს?! აქ ამაზეა საუბარი".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უსამართლობაა, როდესაც სპეცრაზმელს დააბრალებ იმას, რაც მას არ დაუგეგმავს. მისი თქმით, ხშირად სპეცრაზმელის და პოლიციელის საქმიანობას მოქალაქეები და პოლიტიკოსები სათანადოდ ვერ აფასებენ და მათი მისამართით გაუგებარი ბრალდებები ისმის. "მიმაჩნია, რომ ეს არის დიდი უსამართლობა. მიმაჩნია, რომ უსამართლობაა ის, როდესაც სპეცრაზმელს დააბრალებ იმას, რაც მას არ დაუგეგმავს, არ გაუფიქრებია და ორგანიზება არ გაუკეთებია... მაგრამ თუ თქვენ თქვენი ხელმძღვანელი გაძლევთ უკანონო დავალებას, სწორედ თქვენი ხელმძღვანელი უნდა იყოს პასუხისმგებელი და არა თქვენ, რომელიც ასრულებთ დავალებას", - მიმართა ღარიბაშვილმა დღეს ახალციხეში სპეცრაზმელებს და დასძინა, რომ უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც ღონისძიება შეასრულა.