ყირგიზეთის პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი რამდენიმე დღის წინ მოლდოვაში იმყოფებოდა, თუმცა, ამის შესახებ მედიისთვის ინფორმაცია მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
რადიო "თავისუფლების" ცნობით, ატამბაევი 15 მარტს კიშინიოვში ჩავიდა, სადაც ის "მოლდოვის დემოკრატიული პარტიის" ლიდერის მოადგილეს, ვლად პლაჰოტნიუკს შეხვდა. სწორედ მოლდოვაში ვიზიტის შემდეგ ჩაფრინდა ატამბაევი სანკტ-პეტერბურგში, სადაც მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა.
ყირგიზეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რავშან ჯეენბეკოვი ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, განმარტოს თუ რატომ არ განაცხადეს წინასწარ პრეზიდენტის კიშინიოვში ვიზიტის შესახებ და რა საკითხებზე ისაუბრეს ატამბაევმა და "მოლდოვის დემოკრატიული პარტიის" ლიდერის მოადგილემ შეხვედრისას.
ყირგიზეთის პრეზიდენტის კიშინიოვში ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ატამბაევის პრესსპიკერმა, საპარ ისაკოვმა დაადასტურა, თუმცა, განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვის დრო ახლა არ არის.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი ყველა ქმედება ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული", - განაცხადა ისაკოვმა.