"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაჩენილი ტენდენცია შემაშფოთებელია და დასავლური ღირებულებების მქონე კოალიციის წევრებმა ცხადი პოზიციონირება უნდა გააკეთონ.
ასე გამოეხმაურა ალასანია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გოგი თოფაძის განცხადებებს ნატო-სთან დაკავშირებით და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის თაობაზე.
,,ძალიან ცუდია, რომ მმართველი გუნდი, თავად დე ფაქტო პრემიერ ივანიშვილის თაოსნობით, უტევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რეალურად მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ ქართული დემოკრატია და ხელისუფლების ანგარიშვალდებულება გააძლიეროს. რაც შეეხება თავად თოფაძის განცხადებას ნატო-სთან დაკავშირებით, ეს ბუნებრივია ახალი არ არის, ჩვენ როდესაც კოალიციის ნაწილი ვიყავით, მათთან საუბარი გვქონდა. მე ვთვლი, რომ ეს ტენდენცია, რომელიც გაჩნდა უკვე კოალიციაში, შემაშფოთებელია. ჩემი აზრით, კოალიციის იმ წევრებმა, როგორიცაა "რესპუბლიკელები", დემოკრატიული და დასავლური ღირებულებების მატარებლები, ძალიან ცხადი პოზიციონირება უნდა გააკეთონ. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ივანიშვილის განცხადებები არასამთავრობოებთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს ის მრავალსერიანი ფილმების გადაღებას და ეს არის მაგალითი იმისი, რომ თავად ბატონი ივანიშვილი და კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენელი, რეალურად არ გრძნობს თავს საზოგადოების წინაშე ვალდებულად", - განაცხადა ალასანიამ.
მედიით გავრცელებული ინფრომაციის მიხედვით, გოგი თოფაძის თქმით, ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა არასამთავრობოები და დაუბლოკა საბანკო ანგარიშები, რომლებიდანაც უცხოეთიდან ირიცხება თანხები და საქართველოც, ალბათ, ასე უნდა მოიქცეს.