ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, 2011 წელს უნდა დასრულდეს საბჭოთა პერიოდში დეპორტირებული მაჰმადიანი მოსახლეობის საქართველოში ჩამოსახლების პროცესი. პრესა.გე–ს მიერ მოპოვებული სარწმუნო და ამავდროულად, არაოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ამ წუთისთვის, ჩამოსახლების მსურველთა 5 900 განაცხადია შემოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსახლება 5 900 სრულწლოვანს უნდა; ამას ემატება დაახლოებით ორი ათასი არასრულწლოვანი, რომელთაც ბუნებრივია, კანონის თანახმად განაცხადების შევსების უფლება არა აქვთ. ანუ, მთლიანობაში აქ ჩამოსახლება 8 000 ადამიანს სურს.
ამასთან, ჩამოსახლების მსურველთა წარმოდგენილი განაცხადების თითქმის ნახევარი ხარვეზებითაა შევსებული; ზოგს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი არ ახლავს თან, ზოგ განაცხადში კი სპეციალური გრაფა არასწორადაა შევსებული... მიმდინარე წლის ბოლოს, ხარვეზიანი განაცხადები, სპეციალური მინიშნებებით, განმცხადებლებს უკან დაუბრუნდებათ და მათ გამოსასწორებლად 4–თვიანი ვადა მიეცემათ. ამის შემდეგ დაიწყება რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების პროცესი.
დეტალების დასაზუსტებლად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ სამწუხაროდ, უშედეგოდ.
საქართველომ ჩამოსახლების მსურველთა განაცხადების მიღება 2009 წლის 31 დეკემბერს დაასრულა. ამავე პერიოდში შევიდა ბოლო ცვლილება კანონში ”ყოფილი სსრკ-ს მიერ მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”; ცვლილება ითვალისწინებდა რეპატრიაციის სტატუსის მაძიებლების მიერ წარმოდგენილ განაცხადებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად ვადის გარკვეული პერიოდით გახანგრძლივებას.
კანონი ”ყოფილი სსრკ-ს მიერ მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ” 2007 წლის 11 ივლისს მიიღეს. ამ კანონის თანახმად, რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიღებული და დამტკიცებული სპეციალური ანკეტის ფორმა მისთვის სასურველ ენაზე უნდა შეევსო, რომელშიც დაახლოებით 40 კითხვაა დასმული. ამასთან, კანონის თანახმად, სპეციალურ ანკეტას თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ, ან ინგლისურ ენაზე. პლუს ამას, ჩამოსახლების მსურველებს უნდა წარედგინათ ჯანმრთელობის ცნობა, ქონებრივი დეკლარაციის ანკეტის ფორმა, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან და სხვა.
კანონში განსაზღვრული არ არის მაძიებლობიდან რეპატრიანტის სტატუსი რამდენ ხანში მიენიჭებათ. რეპატრიაციის მსურველების მიერ წარდგენილი დოკუმენტები შესაბამისმა უწყებებმა უნდა განიხილონ. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრომ, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა, რომლებიც თავის მხრივ შესაბამის დასკვნებს დადებენ. რაც შეეხება რეპატრიანტის სტატუსის ამა თუ იმ მაძიებლის სანდოობას და იმას, საფრთხე შეიძლება თუ არა შეუქმნას ჩვენს ქვეყანას, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს – დასკვნა მოამზადოს.
ზემოთ ჩამოთვლილი უწყებებიდან წარდგენილი დასკვნების საფუძველზე, რეკომენდაცია უნდა გაკეთდეს იმაზე, ამა თუ იმ პირს რეპატრიანტის სტატუსი უნდა მიენიჭოს, თუ არა.
2007 წლის 11 ივლისს მიღებული კანონის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უნდა შეემუშავებინა სპეციალური სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის თანახმად, რეპატრიანტები საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებდნენ, ოღონდ კანონის თანახმად, მანამდე მათ უარი უნდა თქვან იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, საიდანაც საქართველოში ჩამოსახლება უნდათ.
როგორც იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ხათუნა იოსავამ განგვიმარტა, 2010 წლის 30 მარტს გამოიცა მთავრობის დადგენილება N87, რომელიც რეპატრიანტებს საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღონ.
1944 წელს დეპორტირებულთა და მათ შთამომავალთა განაცხადების მიღება, 2008 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2009 წლის 1 იანვარს უნდა დასრულებულიყო, რომ არა 2008 წლის 23 დეკემბერს კანონში - ”ყოფილი სსრკ-ს მიერ მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ” შეტანილი ცვლილება, რამაც განაცხადების მიღება 6 თვით - 2009 წლის 1 ივლისამდე გადაავადა. ეს რამდენიმე მიზეზმა განაპირობა: პირველი და უმთავრესი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომისიის რეკომენდაცია გახლდათ, მეორე - ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და მესამე - თავად დეპორტირებულთა და მათ შთამომავალთა სურვილი.
განაცხადების მიღების გადავადება, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას, 2008 წელს ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო, საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებითა და აგვისტოს ცნობილი მოვლენებით გამოწვეული სირთულეებით ახსნეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროპის საბჭოში 1999 წლის 27 აპრილს გაწევრიანდა. ამ დროს აღებული ვალდებულებებიდან ერთ–ერთი სწორედ 1944 წელს დეპორტირებულების უკან დაბრუნებას ეხებოდა, რაც ვალდებულებების ნუსხაში ამგვარი ფორმულირებითაა წარმოდგენილი:
“გაწევრიანებიდან ორი წლის განმავლობაში მიღებულ იქნას სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაუშვებს საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხი მოსახლეობის რეპატრიაციას და ინტეგრაციას ქართველ ეროვნებაზე უფლების ჩათვლით; ამ სამართლებრივი საფუძველის მიღებამდე, მის შესახებ გაწეულ იქნას კონსულტაციები ევროპის საბჭოსთან; გაწევრიანებიდან სამი წლის განმავლობაში დაწყებულ იქნას რეპატრიაციის და ინტეგრაციის პროცესი, ხოლო გაწევრიანებიდან თორმეტი წლის განმავლობაში დასრულდეს მესხი მოსახლეობის რეპატრიაციის პროცესი“.
არც ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულება და არც კანონი რეპატრიაციის შესახებ, საქართველოს არ ავალდებულებს ჩამოსახლების პროცესის ფინანსურ უზრუნველყოფას. 2007 წლის 11 ივლისს მიღებული კანონის მიხედვით, ისინი, ვინც რეპატრიანტის სტატუსს მიიღებენ, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეუძლიათ სახლების შეძენა. მათ ეს საკუთარი ხარჯებით, ან ევროსტრუქტურების დახმარებით უნდა გააკეთონ, თუ კი ასეთ დახმარებას აღმოუჩენენ.