დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ყველა იმ მედიასაშუალების წარმომადგენელი შეიკრიბა, რომელმაც მედიაგაერთიანებაში „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ გაწევრიანება გადაწყვიტა. აქ არ იყვნენ მხოლოდ სახელისუფლო ტელევიზიებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, თუმცა ოპოზიციურ მედიასაშუალებებს შორის აკლდა ტელეკომპანია „კავკასია“, რომლის დირექტორიც, ნინო ჯანგირაშვილი, Presage.tv-სთან საუბარში იმთავითვე აცხადებდა, რომ იგი ჟურნალისტების უფლებებს ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავდა, ყოველგვარი გაერთიანებების გარეშე.
მართალია, 1 თებერვალი მემორანდუმზე ხელმოწერის მსურველთათვის ბოლო ვადაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ მედიაგაერთიანების კარი სამომავლოდ დაკეტილია. მედიაგაერთიანებაში გაწევრიანება შეეძლებათ იმ მედიასაშუალებებსაც, რომლებმაც აქამდე ვერ მოახერხეს გაერთიანება, ან ჯერ კიდევ შექმნილნი არ არიან. მათ შორის, იქნებიან ახალი ჟურნალ-გაზეთები, რადიოები, ტელევიზიები, რომლებიც მომავალში შეიძლება შეიქმნას. ოღონდ, ამ შემთხვევაში, ახალი წევრების მიღება მედიაგაერთიანებაში უკვე გაწევრიანებული ყველა ორგანიზაციის თანხმობით მოხდება. ახლადდაფუძნებული მედიაგაერთიანება უახლოეს დღეებში არასამთავრობო ორგანიზაციასაც დააფუძნებს, რომელიც, როგორც წარმომადგენლობითი ორგანო, მასში შემავალ სუბიექტებს კოორდინაციას გაუწევს.
როგორც მედიაგაერთიანების შექმნის ინიციატორი მამუკა ღლონტი აცხადებს, მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ მათი მთავარი ამოცანა უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და ერთად დგომა იქნება იქ, სადაც მედიას გაუჭირდება.
„მედიაგაერთიანებას უკვე შეუერთდა 30-ზე მეტი მედიასაშუალება, მათ შორის, ჰოლდინგები, რომლებსაც არაერთი გამოცემა აქვთ. ასე რომ, გაერთიანებულთა შორის გაცილებით მეტი მედიასაშუალება გამოდის. კიდევ რამდენიმე მედიასაშუალებასაც აქვს გაერთიანების სურვილი, შესაძლოა, რამდენიმე დღის მერე შემოგვიერთდნენ... ალბათ, კიდევ გაიზრდება ეს გაერთიანება. როდესაც ჩვენი პრობლემების შესახებ იმავე საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვა დაიწერება და ამდენი სუბიექტი მოაწერს ხელს განცხადებას, მაშინ ამ მიმართვას სულ სხვა თვალით შეხედავენ, ბევრად მეტი დამაჯერებლობა ექნება, ვიდრე აქამდე ჰქონდა, როდესაც კანტი-კუნტად ვიბრძოდით და ვიკრიბებოდით მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალიან უჭირდა მედიას“, - აღნიშნა მამუკა ღლონტმა.
Presage.tv-ს დამფუძნებელმა როზი ჯღამაიამ მედიაგაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციების დასახელება გაგვაცნო. მისი თქმით, დღეისთვის მედიაგაერთიანებას უკვე შეუერთდა “ალია ჰოლდინგი“, გაზეთი „რეზონანსი“, „ობიექტივი“, „მედია პალიტრა“, რადიოკომპანია „საქართველოს ხმა“, ტელეკომპანია „საქართველოს ხმა“, გაზეთი „ვერსია“, ინტერნეტ გამოცემა presage.tv, ჟურნალი „ღია ბოქლომი“, გაზეთი „ბანკები და ფინანსები“, სააგენტო messenger, რადიო “მაესტრო“, ტელეკომპანია „მაესტრო“, მედია კორპორაცია „ასავალ-დასავალი“, გაზეთი „ბორჯომი“, ჟურნალი „ქვაკუთხედი“, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, „გლობალ.ტვ“, გაზეთი და საიტი „საქართველო და მსოფლიო“, საინფორმაციო სააგენტო „ივერიონი“ჟურნალი „ ბიზნესი და კანონმდებლობა“, გაზეთი „დღეს და ხვალ“, სააგენტო GNS, სტუდია GNS, ტელერადიოკომპანია „თრიალეთი“, საინფორმაციო საგენტო „პირველი“, „იგრიკა მეცხრე არხი“, გაზეთი „რუსთავის ამბები“, გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი“, გაზეთი „გურიანიუსი“, გაზეთი „ქართული სიტყვა“.
„მაესტროს“ გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე მიიჩნევს, რომ თუ ადრე ჟურნალისტები პრობლემებს „ფეისბუკისა“ და სხვადასხვა საშუალების დახმარებით ახერხებდნენ, ახლა მათი ინფორმირება გაცილებით ადვილი იქნება.
„იქმნება ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერს ორგანიზებასა და მენეჯმენტს გაუწევს: პეტიციები, საპროტესტო ნოტები და სხვა. იყო დრო, როცა ქაოტური იყო ეს ყველაფერი და ყველა ორგანიზაცია ცალ-ცალკე იცავდა საკუთარ თავს, ახლა უკვე ერთობლივად იბრძოლებენ. ძირითადად სახელისუფლო ტელევიზიები არ შემოგვიერთდნენ, ისინი ფიქრობენ, რომ მათ დაცვა არ დასჭირდებათ. ჩემი აზრით, ალბათ, მოვა დრო, როცა მათაც დახმარება დასჭირდებათ. თუმცა, არა მგონია, დაგვიანებული იყოს მათი შემოერთება. არ გვაქვს პრინციპი, რომ მაინცდამაინც ისინი არ მივიღოთ“, - აცხადებს ილია კიკაბიძე.
ინტერნეტგამოცემა Presage.tv-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების მაგალითს სამოქალაქო საზოგადოებაც გაიზიარებს.
„ჩვენს მაგალითს აუცილებლად მიბაძავენ. ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებაშია აუცილებელი სოლიდარობის განცდა, ან სოლიდარობის გამოხატვა. ამის შემდეგ შევძლებთ ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნას, ნორმალური არჩევნების ჩატარებასა და ნორმალური სახელმწიფოს შექმნას. პრობლემები ყოველთვის იყო, თუმცა არსებობს იმის განცდა, რომ რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები უფრო მეტი პრესის ქვეშ მოექცევიან. მუშაობაში ხელის შეშლაც იქნება, გვექნება ხელის შეშლა გავრცელებაში, გადაადგილებაში, რასაც ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ“, - აცხადებს გია იაკობაშვილი.
მისი თქმით, მედიაგაერთიანების შექმნა იმის მცდელობაა, რომ დამარცხდეს ის სენი, რასაც სახელმწიფოსა და მედიის მუდმივი წინააღმდეგობა ჰქვია: „მოგვცენ, საშუალება, ვიმუშაოთ და, თუ რამეს სწორად არ გავაკეთებთ და კანონის წინაშე მართლები არ ვიქნებით, მაშინ არსებობს სასამართლო, პროკურატურა, პატრული და ა.შ“.
ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი აცხადებს, რომ მედიაგაერთიანების შექმნა განსაკუთრებულად რეგიონალური მედიასაშუალებებისთვისაა მნიშვნელოვანი.
„როცა რეგიონში ზეწოლა ხდება, დაუცველები ვართ, რადგან იქ ნაკლებად არის სხვა მედიასაშუალებები, რომლებიც მხარდაჭერას გამოგვიცხდებენ. ამ გაერთიანებით უკვე თბილისიდანაც დაგვიჭერენ მხარს. თბილისში ნაკლებად ისმის ჩვენი გაჭირვება. მართალია, თქვენი გამოცემა აშუქებდა ჩვენს პრობლემებს, მაგრამ ერთად დგომა ყოველთვის გაძლებისა და გადარჩენის საფუძველია“, - აცხადებს ბადრი ნანეტაშვილი.
მისი თქმით, მედიასაშუალებების დევნა შიდა ქართლში, კერძოდ, გორში განსაკუთრებულად გაძლიერდა, სადაც გააქტიურებულია ხელისუფლება და, ასევე, ძალოვნები.
„ადგილობრივი ძალოვნები, კერძოდ, კუდი ავრცელებს ხმას, რომ ტელეკომპანია „თრიალეთი“ უნდა ჩაძირონ. ამისთვის იყიდეს ხაშურის ტელეკომპანია „დია“, რომელსაც კუდი აკონტროლებს. ასევე, იყიდეს გორის საკაბელო ტელევიზია -- „კოსმოსი“. ჩემი ძმა, ამავე ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯონი ნანეტაშვილი თავშესაფარს ითხოვდა საფრანგეთისგან, რადგან გასული წლის 7 ოქტომბერს უდანაშაულოდ სცემა პატრულმა. ვითხოვდით კამერების ჩანაწერს, საქმის გამოძიებას, მაგრამ ისე დახურეს საქმე, წერილიც არ გამოგვიგზავნეს. ასევე, დახურულია ჩვენი ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემის ფაქტიც, რომელსაც სცემეს სტალინის ძეგლის აღების დროს. ეს 7 ოქტომბერს პრეზიდენტ სარკოზის ჩამოსვლას დაემთხვა, ამიტომ ვთხოვეთ საფრანგეთის პრეზიდენტს თავშესაფარი. ოფიციალურად წერილიც შევიტანეთ საელჩოში, მაგრამ რატომღაც საფრანგეთის საელჩოდან პასუხი არ მიგვიღია“, - აცხადებს ბადრი ნანეტაშვილი.
ამასთან, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებელი ეჭვობს, რომ შესაძლოა, მათი წერილი ჩვენმა ხელისუფლებამ დაბლოკა, რადგან მაშინდელი საფრანგეთის ელჩი (ვისთანაც შეიტანეს წერილი), რამდენიმე დღის შემდეგ ორდენით დააჯილდოვეს. მოგვიანებით კი იგი საქართველოდან წავიდა და ახალი ელჩი დაინიშნა.
„გურიანიუსის“ ხელმძღვანელი ია მამალაძე აცხადებს, რომ მედიაგაერთიანებაში გაწევრიანება, პირველ რიგში, სოლიდარობის გამო გადაწყვიტა.
„როდესაც მედიის მიმართ ირღვევა კანონმდებლობა, სახელმწიფო ადმინისტრირების საკითხები, ყველას გვმართებს, ვიყოთ სოლიდარულნი. რეგიონში გაცილებით მეტ წნეხს განიცდიან ჟურნალისტები. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ რეგიონალური ჟურნალისტები უფრო სოლიდარულნი იყვნენ დედაქალაქში მოქმედი მედიაორგანიზაციების მიმართ, ვიდრე - პირიქით. კიდევ ერთი გაერთიანების შექმნაში მონაწილეობისგან თავს ვიკავებდი, ახლა კი ყველაზე უფრო კრიტიკულ მომენტში ვიმყოფებით, რადგან ზედიზედ ოთხი არჩევნები გველოდება,“ - აცხადებს ია მამალაძე.
ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელის მამუკა ღლონტის თქმით, კონკრეტულ მედიასაშუალებას, რომელიც უსამართლობას განიცდის, მედიაგაერთიანებაში შეაქვს განცხადება და შემდეგ ყველა ეს ორგანიზაცია მას მხარში ამოუდგება. მასთან ერთად მოაწერენ ხელს საპროტესტო წერილს, უთანაგრძნობენ აქციების დროს.
„თუ ერთი რომელიმე მედიასაშუალების წარმომადგენელს საკუთარი პრობლემების გამო, პირობითად ვამბობ, ამერიკის ელჩთან შეხვედრა სურს, ხშირ შემთხვევაში, ეს პრობლემურია, მაგრამ როდესაც ამხელა მედიაგაერთიანება გიდგას მხარში, ეს მიზნები ადვილად მისაღწევია. ამჯერად მედიაგაერთიანებაში 30 ორგანიზაცია გაწევრიანდა, ორ მათგანს ორჯერ ჰქონდა ხელი მოწერილი და ეს ტექნიკური შეცდომა იყო. ვინც არ შემოგვიერთდა, მათი რიცხვი პროცენტულად ძალიან ცოტაა. როგორც ვატყობ, ამ მედიაგაერთიანებაში, პრაქტიკულად, თითქმის მთელი თავისუფალი მედიაა გაერთიანებული, 80-90% მაინც. ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ „კავკასია“ არ გვიერთდება, მაგრამ იმედია, ადრე თუ გვიან, შემოგვიერთებიან“, - აცხადებს მამუკა ღლონტი.