დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან თბილისის 172-ე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგების სარჩელთან დაკავშირებით "თავისუფალმა დემოკრატებმა" პროტესტი გამოხატეს. ზამთრის შვებულებიდან დაბრუნებულმა მასწავლებლებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ მათ ადგილებზე ახალი ვაკანსიები გამოცხადდა. მიზეზის გარეშე დათხოვნილმა პედაგოგებმა განცხადებით მიმართეს განათლების მინისტრს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, საკრებულოს, მაგრამ არავინ გამოხმაურებიათ. ბოლოს „თავისუფალ დემოკრატებს“ მიმართეს და მათთან ერთად სასამართლოსაც მიაკითხეს. დღესვე ამავე სასამართლოში მოსამზადებელი სასამართლო პროცესი გაიმართა.
ბოლო დროს საჯარო სკოლებიდან პედაგოგთა მასობრივი დათხოვნა მიმდინარეობს, თანაც ყველაზე ცინიკური ფორმით- პედაგოგს ჯერ მადლობას უცხადებენ მაღალკვალიფიციური მუშაობისთვის, ხოლო შემდეგ უარგუმენტოდ ისტუმრებენ.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ადვოკატი გედევან ფოფხაძე Presage. tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ პედაგოგებს მხარს უჭერს, რადგან ისინი უსამართლოდ გაუშვეს სამსახურიდან.
„არანაირი მიზეზი არ დაუსახელეს, ისე დაითხოვეს. დახმარების მიზნით პედაგოგებმა „თავისუფალ დემოკრატებს“ მოგვმართეს. არ შეიძლებოდა, ასე უკანონოდ და უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანებს გვერდში არ დავდგომოდით და მხარი არ დაგვეჭირა. მიმაჩნია, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში მათ სკოლაში აღდგენის შანსი ექნებოდათ. მეტიც, ეს საკითხი არც უნდა დასმულიყო. სამართლიანი რომ იყოს ეს სასამართლო, ისენი ყველა შემთხვევაში, გაიმარჯვებდნენ. თუ ვერ გაიმარჯვეს, ეს იქნება სასამართლოს ხარვეზი და არა ის, რომ პედაგოგები არ არიან მართალნი“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
ამასთან, ადვოკატის შეხედულებით, პედაგოგები პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. ამის არგუმენტად გედევან ფოფხაძეს შემდეგი მაგალითი მოჰყავს; კერძოდ, სკოლიდან გაშვებამდე ცოტა ხნით ადრე პედაგოგებს პროფკავშირების დატოვება აიძულეს.
ადვოკატის თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ სასამართლოსგან კონკრეტული ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, თორემ პიროვნული დაპირისპირება არავისთან აქვთ და კონკრეტულად დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი არ აღუძრავთ.
Presage. tv ესაუბრა საქალაქო სასამართლოს შენობის წინ შეკრებილ პედაგოგებს. ისინი აღშფოთებულნი ჩანდნენ, რადგან ვერ გაეგოთ, რატომ გაუშვეს სკოლიდან, თანაც ისე, რომ შვებულების თანხა არ გადაუხადეს. პედაგოგები არა მარტო სამსახურში აღდგენას, არამედ საშვებულებო თანხისა და სახელფასო დავალიანების გადახდას მოითხოვდნენ.
ფრანგული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლილი შიოშვილი აცხადებს, რომ 2011 წელს ბოლო პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, 172-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემარულებელმა ელისო დოლაკიძემ ცხრა მასწავლებელს მადლობა გამოუცხადა პირად საქმეში შეტანით და მომავალი სასწავლო წლისთვის წარმატებები უსურვა. მოგვიანებით კი დაიბარა და გამოუცხადა, რომ მათთან შრომით ურთიერთობას წყვეტდა.
ადვოკატისგან განსხვავებით, სამსახურიდან გათავისუფლებას ლილი შიოშვილი პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირებს, რადგან მათი ერთადერთი საზრუნავი სკოლა და მოსწავლე იყო.
„პოლიტიკურ საქმიანობას არ ვეწეოდით, ისე ვიყავით სკოლაში „დაბმულები“ და მუშაობაში გართულნი, რომელ პოლიტიკურ ინტერესზე იყო საუბარი? მოსწავლე და სკოლა - მეტი არაფერი გვევალებოდა. სასამართლო, სახელმწიფო შექმნილია იმიტომ, რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები იმ არამართლზომიერი და უკანონო მოქმედებებისგან, რაც ელისო დოლაკიძემ ჩაიდინა. მან გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, უხეშად დაარღვია კანონი ზოგადი განათლების შესახებ, ასევე, - ჩვენი შრომითი ხელშეკრულების პირობები და ჩვენი კუთვნილი საშვებულებო თანხა არ გადაგვიხადა, ვადაზე ადრე შეწყვიტა ჩვენთან შრომითი ხელშეკრულება“,-აცხადებს პედაგოგი.
მასვე ახსენდება დირექტორის მიერ მისდამი გამოხატული პატივისცემა, რასაც, მისდა გასაკვირად, შვებულების დროს მისი გათავისუფლება მოჰყვა.
„ვერ გეტყვით, რატომ გამათავისუფლა, რადგან ათი დღით ადრე შემხვდა და მითხრა, მე თქვენ ძალიან პატივს ვცემ, თქვენს პროფესიონალიზმს პატივს ვცემო და მერე მოხდა ასეთი ამბავი. სასწავლო წლის ბოლოს, ფაქტობრივად, შვებულებაში ვიყავით და 15-ის შემდეგ გაგვათავისუფლა. როგორ შეიძლება, შრომითი ურთიერთობა შვებულებაში ყოფნისას შეგვიწყვიტონ?!“ - კითხულობს ფრანგული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
როგორც გაირკვა, ზემოხსენებული სკოლიდან სულ 24 მასწავლებელია გათავისუფლებული. ზოგიერთი მათგანი დაითხოვეს იანვრის თვეში, ზოგიერთი კი - ზაფხულში. გათავისუფლებული პედაგოგების ადგილებზე გამოცხადდა ვაკანსია, რომლებზეც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ახალი მასწავლებლები მიიყვანა.
„არ ვიცით, ვინ არიან ახალი მასწავლებლები. ზოგიერთი მისი მეგობარია, ნათესავი, მაგრამ ჩვენზე კვალიფიციური იქ არავინაა. მანამდე ჩვენი დევნა არ ყოფილა, რადგან არცერთი პოლიტიკური პარტიით არ ვარ დაინტერესებული. გაუგებარი მიზეზების გამო ხდება ჩვენი ჩანაცვლება. ჩვენ დირექტორს ვუჩივით, მან გაგვათავისუფლა, ერთი წლის მოსული არ არის და არ იცის, ვინ გაათავისუფლოს და ვინ არა, ისე დანიშნეს მოვალეობის შემსრულებლად. ისე გაგვათავისუფლა, არც კი იცოდა ჩვენი მუშაობის შესახებ. არადა, ქვეყნის მადლობები, სერთიფიკატები მაქვს და 2011 წელს დიდ წარმატებებს მივაღწიე, მაგრამ ჩემი მუშაობა წყალში ჩამეყარა. 45 წლის პედაგოგიური მუშაობის უწყვეტი სტაჟი მაქვს. ჩემმა მოსწავლეებმა მიიღეს პირველი ხარისხის დიპლომები, და მე ვიმსახურებდი გაშვებას?! - აღნიშნა ლილი შიოშვილმა.
ბიოლოგიის პედაგოგი ციური ცერცვაძე და გეოგრაფიის მასწავლებელი ნუნუ ხოსიაურიც 172-ე სკოლიდან გათავისუფლებულთა შორის აღმოჩნდნენ.
„მე-12 კლასელები გავისტუმრეთ, თანაც ისეთნაირად, რომ არანაირი შენიშვნა არ მიგვიღია; არადა, იცით, რა ძნელია მე-12 კლასელებთან მუშაობა? მშობლებიც მადლობას გვიხდიდნენ. ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა დირექტორს, ამ ქალბატონს ძეგლი უნდა დაუდგათ, იმდენი სიკეთე გაუკეთა ბავშვებსო. დირექტორმა კი უპასუხა, ბევრი კარგი მსმენია მასზეო. გასაკვირი არაა, კარგად არ გვიცნობს, ცოტა ხანია, რაც ჩვენს სკოლაშია და დაკავებულია მხოლოდ მოხსნით, მეტი არაფერი აინტერესებს,“ - გვითხრა ციური ცერცვაძემ.
მისი თქმით, დირექტორმა ჯერ მადლობა გამოუცხადა, შემდეგ -დაითხოვა.
„წარმატებული მასწავლებლის მედალი, ჯილდოები მაქვს. სამეურვეო საბჭოშიც გახლდით და ჩვენი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მეგობარი იყრიდა კენჭს დირექტორობაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ პოსტზე უფრო სოლიდური კანდიდატურისთვის დაგვეჭირა მხარი და სხვას ვუთანაგრძნეთ. ამის შემდეგ ეს ქალბატონი ჩვენს სკოლაში რომ მოვიდა, ერთ კვირაში მოიყვანა თავისი დაქალი და ორივენი იმის გამო გადაგვეკიდნენ, რატომ არ აგვირჩიეთო. 30 წლის სტაჟის მქონე მასწავლებელი ვარ, შეიძლება, ის დირექტორია, მაგრამ რაღაც რჩევა რომ მიმეცა, ხომ შეიძლებოდა? ის კი რჩევებს ვერ იტანდა. როდესაც პედსაბჭოზე სიტყვით გამოვიდა, ჩემზე და მეორე პედაგოგზე-ნუნუზე ხოსიაურზე შენიშნა, თქვენმა ბავშვებმა მაღალი რეიტინგით დაამთავრეს გამოცდებიო. როგორც ჩანს, ესეც არ მოეწონა, სამინისტროში ჰყავს დამცველები და ამიტომ არის გადიდგულებული. მშობლები და ბავშვები კი ჩვენ გვიჭერენ მხარს“, - აღნიშნა ბიოლოგიის პედაგოგმა.