საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხი იყო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათ კომიტეტის სდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა.
დღეს კომიტეტის წევრებმა საგარეო საქმეთა მინისტრის ორ მოადგილეს დავით ჯალაღანიას და ლევან გურგენიძეს მოუსმინეს. ასევე მოისმინეს უახლოესი სამეზობლოს, აფრიკისა და აზიის ქვეყნების და ოკეანეთის მიმართულებაზე მომუშავე დეპარტამენტების ინფორმაცია.
სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ არაღიარების პოლიტიკა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
"რა თქმა უნდა, აქცენტი და ტრაექტორია ამ მხრივ არ იცვლება და ვერც შეიცვლება. არაღაირების პოლიტიკა და ასევე უფრო ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთი კონტექსტია", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თედო ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ასევე უცვლელია საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების დამოკიდებულება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მოსმენას მომდევნო დღეებშიც განაგრძობს, ბოლოს კი იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის კომიტეტის სხდომაზე მოწვევა. დღევანდელი შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.