საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ინვესტიციების კუთხით ლიდერი ენერგეტიკის სფეროა. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოურო ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა.
"ინვესტიციების სრული სპექტრი, რომელიც საქართველოში განხორციელდა დაყოფილია დარგების მიხედვით. ამ მხრივ ვფიქრობ, ლიდერი არის ენერგეტიკის მიმართულება, ასევე რამდენიმე კონკრეტული საწარმო. რაც შეეხება ჯანდაცვის სექტორს, ამ მხრივ ინფრასტრუქტურაში ჩვენ პრაქტიკულად რესურსი არ გვქონდა დარჩენილი. 1700 სამედიცინო დაწესებულებიდან, სახელმწიფო მართვაში მხოლოდ შვიდია დარჩენილი. თუმცა, საბედნიეროდ, ამ შვიდიდან სამ უმსხვილეს დაწესებულებაში (რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოცენტრი და ხილიანზე ბავშვთა ინფექციური) პრინციპულად ახალი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, რასაც კერძო სახელმწიფო პარტნიორობის მოდელი ჰქვია. მთლიანად, ინვესტიციის რაოდენობა, რომელიც ამ ინფრასტრუქტურის გასამართად და სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება 120 მილიონი დოლარის ფარგლებშია. ვფიქრობ, უახლოეს თვეებში ეს პროექტი განხორციელდება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოურო ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 1272 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 39 პროცენტით აღემატება 2013 წლის წინასწარ და 35 პროცენტით - ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტი შეადგინა.