საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ბრაზილიასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ნიშნავს მეტ ურთიერთობას, მეტ ტურიზმს და მეტ ბიზნესკონტაქტებს. ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოს მთავრობას და ბრაზილიის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების მიღების ვალდებულებისგან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბერუჩაშვილმა აღნიშნა, შეთანხმება 30 დღის გასვლის შემდეგ ამოქმედდება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ეს ხელს შეუწყობს ტურიზმს და ბიზნესკონტაქტებს, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2016 წელს რიო ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს და ქართველ გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ დაუბრკოლებლად, ვიზების გარეშე დაესწრონ ამ ოლიმპიადას. ამასთან, ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ ანალოგიური შეთანხმებების გაფორმება იგეგმება ლათინური ამერიკის რეგიონში სხვა ქვეყნებთან და მისი თქმით, ეს დღევანდელი ღონისძიება პოზიტიური სიგნალი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც.
რაც შეეხება შეთანხმებას, რომელსაც თამარ ბერუჩაშვილმა მოაწერა ხელი, გულისხმობს ორივე ქვეყანაში ტურისტული და ბიზნესის მიზნით ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეების გათავისუფლებას ვიზების აღების ვალდებულებისგან. კერძოდ, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბრაზილიის ტერიტორიაზე შესვლას, ყოფნას და ტრანზიტს 90 დღის განმავლობაში, 180 დღიან პერიოდში. ანალოგიური რეჟიმი იმოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეების მიმართაც.
ბრაზილიის ელჩმა საქართველოში კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორამ განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ხელს შეუწყობს ბიზნესკონტაქტებს, ასევე გაზრდის ვიზიტორებს ორივე ქვეყანაში. მისივე თქმით, მან იცის, რომ ქართველებს ძალიან უყვართ რიო-დე-ჟანეირო. ასევე აღნიშნა, რომ 2016 წელს ბრაზილია ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს და ქართველებს მოუწოდა დაესწრონ ამ ღონისძიებას.