თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – თბილისის" თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებით , უმრავლესობის დეპუტატის ანი მიროტაძის და, თეა მიროტაძე თბილისის მერიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ამის შესახენ განცხადება ირაკლი აბესაძემ გააკეთა და დასძინა, რომ აღნიშნული ფაქტი ნეპოტიზმის კლასიკური შემთხვევაა, "თბილისის მერის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ კონკურსის გარეშე დაინიშნა "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ანი მიროტაძის და. თბილისის მერიაში საკადრო გადაადგილების მიღების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრებთან ახლო ნათესაური კავშირია. თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ყოფილი უფროსი რევაზ ჩახავა, თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ეს იმ დროს, როდესაც ჩახავას თანამდებობიდან გათავისუფლება მის ოჯახურ მდგომარეობას დაბრალდა. ვიდრე დავით ნარმანია ასეთ საკადრო გადაწყვეტილებებს მიიღებს, მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგაზოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ის ადამიანები, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლდნენ იმ მოტივით, რომ ვერ ასრულებდნენ თავის მოვალეობებს, სხვა თანამდებობებზე ინიშნებიან", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.