რამდენიმე დღის წინ მოსკოვთან ახლოს,რესტორან „ნოვორიჟსკაია ზასტავაში“ სამი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს.რუსული მედიის ცნობით,მათ შორის არიან ანდრეი ვოზნესენსკი,ვაგიფ სულეიმანოვი და რაშად ისმაილოვი.
ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით,რამდენიმე პიროვნება, რომლებიც დაკავებულებთან ერთად სუფრასთან ისხდნენ,ეროვნებით ქართველები არიან.მათ მიმალვა მოახერხეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიმინალური ავტორიტეტები შაქრო კალაშოვის მიერ დაწყებულ „წმენდასთან“ დაკავშირებით იყვნენ შეკრებილები და კალაშოვის შეჩერების გზებზე მსჯელობდნენ.დაუდასტურებელი ინფორმაციით, რამდენიმე ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ შეხვედრაზე ტარიელ ონიანმა გააგზავნა.
რუსული მედიის ცნობით,კალაშოვი ონიანს მტრობს და ამ უკანასკნელს მისი „თავიდან მოცილება“ სურს.საქმე იმაშია, რომ კალაშოვი უსოიანის მკვლელობის დაგეგმვაში ონიანსაც სდებს ბრალს.ამასთან,რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ონიანი „ფე-ეს-ბეს“ დაცვით გადაადგილდება ხოლმე. სწორედ ამიტომ, როგორც რუსული საინფორმაციოები იუწყებიან, შაქრო კალაშოვი ტარიელ ონიანს „ფეესბეშნიკს“ და პოლიციის „ნომრიან აგენტს“ უწოდებს და მისთვის „კანონიერი ქურდის“ სტატუსის შეჩერებასაც გეგმავს.
რუსული სამართალდამცავი უწყების განმარტებით,დაკავებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდათ,შესაბამისად ისინი მალევე გაანთავისუფლეს.
ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქურდულ გარჩევებში ირიბად პოლიციაც არის ჩართული. ზოგიერთი მედიასაშუალება ამტკიცებს, რომ ტარიელ ონიანმა „ფე-ეს-ბე“-ს მაღალჩინოსნებთან ახლო ნაცნობობა გამოიყენა და ფულიც გადაიხადა იმისთვის, რომ მისი „კლანის წევრ ქურდებს“ პოლიცია არ შეეხოს.