"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო რწმუნებულებთან, გამგებლებთან, მერებთან შეხვედრები ყოველდღიურად იმართება და მიმდინარეობს მზადება, რომ 21 მარტს რეგიონებიდან მოსახლეობა არ ჩამოვიდეს.
"ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობა ავლენს პანიკის ნიშნებს. კანცელარიაში ყოველდღიურად იმართება შეხვედრები სახელმწიფო რწმუნებულებთან, გამგებლებთან, მერებთან. მიმდინარეობს მზადება იმისთვის, რომ 21 მარტს რეგიონებიდან მოსახლეობა არ ჩამოვიდეს. ამისთვის სახელმწიფო ადმინისტრაცია მიმართავს ტყუილებს, რადგან სოფლის რწმუნებულები დადიან სოფლებში და მოსახლეობას არწმუნებენ, რომ აამუშავებენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებს, როგორიცაა მიწების მოხვნის პროგრამა და სოფლის მეურნეობის სხვა პროექტების განხორციელება. კიდევ ერთხელ უნდა ვამხილოთ მთავრობა მორიგ ტყუილში და მოვუწოდოთ სოფლის მოსახლეობას, რომ რწმუნებულების ტყუილები არ დაიჯერონ, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში სათანადო მუხლებში ამ პროექტებისთვის დაფინანსება გამოყოფილი არ არის. ასე მაგალითად, კანონის შესაბამისად სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების თანადაფინანსებისთვის არ არის თანხები გათვალისწინებული, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლებისთვის შესაბამის გრაფაში წერია 0; სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის სამუშაოებისთვის ასევე 0 წერია", - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
დეპუტატი მთავრობას მოუწოდებს, ტყუილების კამპანია შეწყვიტოს და თავი დაანებოს 21 მარტთან დაკავშირებით მოსახლეობის დაშინებას და სხვადასხვა ღონისძიებების წარმოებას.
"პირიქით, მოვუწოდებთ რომ რწმუნებულები და მერები ჩართულნი იყვენ იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც დაგეგმილი სახელმწიფო ბიუჯეტით და მოსახლეობის მოტყუებას თავი დაანებონ", - დასძინა ბეჟაშვილმა.