სადეპუტატო შეკითხვის გაგზავნის შემთხვევაში, მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან რიგგარეშე სხდომას დაესწრონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ასეთი შეკითხვა ჯერ გაგზავნილი არ არის.
"მე როგორც ვიცი, სადეპუტატო შეკითხვა გაგზავნილი არ არის. ამ შეკითხვის გაგზავნის შემთხვევაში, კონსტიტუციის ძალით მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ სხდომას", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა თავად პარლამენტს რიგგარეშე სხდომას, როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ის აღარ აპირებს მარტო იყოს სხდომათა დარბაზში თავის კოლეგებთან ერთად უმრავლესობიდან.
"რიგგარეშე სხდომაზე ჩემი, მანანა კობახიძის, დიმიტრი ხუნდაძისა და დათო ლორთქიფანიძის გარდა არავინ დადის, ამიტომ აღარ ვაპირებ ამ ჩემს პატივცემულ კოლეგებთან ერთად აღმოვჩნდე მარტო ქუთაისის სხდომათა დარბაზში", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, დაესწრება თუ არა უმრავლესობა რიგგარეშე სხდომას, ამაზე უმრავლესობის მხრიდან განცხადება გუშინ გაკეთდა და დღეს ის აღარ ისაუბრებს.
რაც შეეხება ლარის კურსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, ქუცნაშვილს ამ საკითხზე ორი კითხვა აქვს. ქუცნაშვილი ინტერესდება რამდენად შეიძლებოდა პროცესების პროგნოზირება და შემარბილებელი ზომების მიღება.
"ის, რომ ლარის დევალვაცია არის, მათ შორის დიდწილად რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური პროცესების შედეგი, ეს უკვე აღიარებულია საექსპორტო საზოგადოებაში. ჩემთვის აქტუალურია ორი შეკითხვა, შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესების პროგნოზირება და შეიძლებოდა თუ არა წინმსწრებად შემარბილებელი ზომების მიღება. თავისთავად, ამ ორ შეკითხვაზე პასუხი წარმოშობს უკვე შემდეგ შეკითხვას, თუ რომელი სახელმწიფო სტრუქტურა არის პასუხისმგებელი ამ შემარბილებელი ღონისძიებების დროულ გატარებაზე", - განაცხადა ქუცნაშვილმა.