„შეჯერდა საერთო მიდგომები, რომლითაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რიგის სამიტზე წარსდგებიან“

„შეჯერდა საერთო მიდგომები, რომლითაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რიგის სამიტზე წარსდგებიან“

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოლენა ზერკალს და მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იულიან გროზას შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში მოხდა 3 ქვეყნის პოზიციების შეჯერება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე და საერთო პოზიციების ჩამოყალიბება რიგის სამიტისთვის.

„საინტერესო შეხვედრა იყო. ეს არის პირველი შეხვედრა სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, რომლის მიზანი სამი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში საერთო პოზიციების შეჯერება, თანამშრომლობის განვითარება, გამოცდილების გაზიარება და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რიგის სამიტისთვის მზადების პროცესში. ამ 2 დღის განმავლობაში ინტენსიური დიალოგი იყო ჩვენს პარტნიორებთან და პრაქტიკულად შემიძლია ვთქვა, რომ შეჯერდა საერთო პოზიციები, რომლითაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა წარსდგება რიგის სამიტზე“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული დიალოგის ინიციატორი საქართველო იყო. ბერუჩაშვილი იმედოვნებს, რომ სამმხრივი ფორმატი ეფექტური იქნება.

„დარწმუნებული ვარ, ეს ფორმატი წარმატებული იქნება, რადგან ჩვენ გვაერთიანებს სერიოზული კავშირები. სამივე ქვეყანა ერთგულია თავისი ევროპული არჩევანის. დარწმუნებული ვარ, ეს სამმხრივი ფორმატი იქნება ძალიან ქმედითუნარიანი და სამუშაო ფორმატი, რათა სამმა ქვეყანამ მიაღწიოს წარმატებას ევროპული ინტეგრაციის დღისწესრიგის გზაზე“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე, უკრაინელი და მოლდოველი კოლეგები ქართველ კოლეგასაც შეხვდნენ.