საქართველოს პრეზიდენტი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას დანიშნავს

საქართველოს პრეზიდენტი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას დანიშნავს

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები მიიღო.

შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე იმსჯელეს, დეპუტატები სახელმწიფო მეთაურის პოზიციით დაინტერესდნენ საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, ქვეყნის პირველმა პირმა გაიზიარა „თავისუფალი დემოკრატების"  პოზიცია და მიღებულია გადაწყვეტილება, რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრები დაეთანხმნენ პრეზიდენტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ რიგგარეშე სხდომაზე მოწვეული უნდა იყვნენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე აქტის გამოცემის საკითხს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შემოვიდა შესაბამისი მოთხოვნა. არსებობს რეგლამენტით და კონსტიტუციით დადგენილი ვადები, რაც პრეზიდენტს აქვს აქტის გამოსაცემად. შესაბამისად, პრეზიდენტის აქტი სწორედ ამ ვადაში იქნება გამოცემული. მასში ასევე მითითებული იქნება რიგგარეშე სხდომის ჩატარების კონკრეტული თარიღი და ის საკითხი, რაზეც ხდება სხდომის მოწვევა", - განაცხადა  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა  გიორგი კვერენჩხილაძემ.