ირანის საელჩო საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებას

ირანის საელჩო საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებას "არამეგობრულს" უწოდებს

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას "არამეგობრულს" უწოდებს. "ორიოდე გონივრული სიტყვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონ თეა წულუკიანის არაკვალიფიციურ და გაუაზრებელ განცხადებასთან დაკავშირებით ირანელებისა და ირანის მოქალაქეების შესახებ: 1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ირანი, რომელსაც სამიათასწლიანი ბრწყინვალე ცივილიზაციის ისტორია აქვს და გამორჩეული ადგილი ეკავა და უკავია მსოფლიოში, ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო. ირანი იყო ერთ–ერთო პირველი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, მეგობრული ურთიერთობა დაამყარა, და ბოლო 33 წლის განმავლობაში ყოველგვარი სირთულეებისა და გამოწვევების დროს საქართველოს უჭერდა მხარს.

2 – ისტორიის მანძილზე, ირანელებს, რომლებიც გონიერი და მაღალი კულტურის ხალხია, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კი უწევდათ ცხოვრება, ემსახურებოდნენ იმ ქვეყნის აღმშენებლობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას. ამრიგად, ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად; ამასთან ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა", - ნათქვამია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პრესის სამსახურის განცხადებაში.

თეა წულუკიანმა 18 თებერვალს, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" განაცხადა, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება ეს იყო მასშტაბური რეფორმა და არც ერთი მასშტაბური რეფორმა არ არის უხარვეზო ან უმტკივნეულო ყველასთვის. "ყველა ბედნიერი მასშტაბური რეფორმით ვერ არის. ვინ ვერ არის ბედნიერი?! ვერ არის მაგალითად ბედნიერი ტურიზმის სააგენტო..... 2014 წლის 1-ელ სექტემბერს, როდესაც ეს რეფორმა შევიდა ძალაში, ამან ბოლო 4 თვის განმავლობაში გამოიწვია ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 ათასი ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების", - განაცხადა წულუკიანმა.