პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას კენჭს მომავალი კვირის სესიაზე უყრის. საკითხი 19 ან 20 მარტის პლენარულ სხდომაზე გავა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უმრავლესობის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, რომელიც ცალსახად დარწმუნებულია, რომ ნინო გვენეტაძის მხარდაჭერის მხრივ პარლამენტში კვორუმის პრობლემა არ შეიქმნება.
"ზოგადად, დაგეგმილია ბევრი მივლინება, თუმცა 19 ან 20 მარტი ის პერიოდია, როცა დეპუტატები პარლამენტში იქნებიან. ნინო გვენეტაძის კანდიდატურის დამტკიცების მხრივ არავითარი პრობლემა არ იქნება", - აღნიშნა ხიდაშელმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურის დამტკიცებისთვის სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ კანდიდატურასთან დაკავშირებით ერთსულოვანი განწყობა არ არის.