უნდა გავერკვეთ, რა პოზიცია უკავია ნოდარ ჯავახიშვილს მთავრობაში

უნდა გავერკვეთ, რა პოზიცია უკავია ნოდარ ჯავახიშვილს მთავრობაში

უნდა გავერკვეთ, რა პოზიცია აქვს ნოდარ ჯავახიშვილს - ის არის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, თუ მეტი ფუნქცია აქვს მთავრობაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ გამგებლებსა და მერებთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ნოდარ ჯავახიშვილის მოსაზრებების კომენტირებისას განუცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ იმ პრობლემას, რაზეც ჯავახიშვილი საუბრობს, აბაშიძეც ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებში ბევრი პრობლემაა. "ნოდარ ჯავახიშვილთან დაკავშირებით მე მაინტერესებს და ალბათ, ყველა უნდა გავერკვეთ, რა არის მისი პოზიცია - ის არის ინფრასტრტუქტურის მინისტრი, მინისტრის მოადგილე თუ კიდევ უფრო მეტი ფუნქცია აქვს მთავრობაში. რა თქმა უნდა, ზოგადად პრობლემები რომ სახეზეა, ამას ყველანი ვხედავთ და არა მარტო რეგიონებში, დედაქალაქშიც უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტია ჩავარდნილი და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რა მდგომარეობაშიც არის ქვეყნის ეკონომიკა", - აღნიშნა აბაშიძემ.

ჯავახიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა აღნიშნული ფრაქციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, პრობლემები არსებობს თავად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის ყველაზე დიდი მხარჯველი ამ ქვეყანაში. ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი მოდის სწორედ ამ უწყებაზე. აღნიშნულ სამინისტროში შესყიდვების ნაწილში რომ პრობლემები არსებობდა, ეს ჩვენ კარგად ვიცოდით და ვსაუბრობდით კიდეც მათზე, როცა გუნდის თანამონაწილენი ვიყავით. მისასალმებელია, როცა დღეს ამაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წარმომადგენელი ამ სამინისტროში. როგორც ჩანს, ვიღაც ფიქრობს, რომ პრობლემები არსებობს. ჩვენ მზად ვართ მათ მოგვარებას ხელი შევუწყოთ, მაგრამ ყველა დანახარჯი, რომელიც უკანონოდ მიადგა ბიუჯეტს, უნდა იქნას შესაბამისად პასუხგაცემული", - განაცხადა ჩიქოვანმა.