ფუტკარაძე ბერიძეს, ხაბაძესა და ბოლქვაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს

ფუტკარაძე ბერიძეს, ხაბაძესა და ბოლქვაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს გადადგომისკენ მოუწოდებს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ამის მიზეზად მის დისკრედიტაციასა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრზე - სვეტლანა კუდბაზე ზეწოლას ასახელებს. -გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ ვერ გამოავლინა ის მენეჯერული თვისებები და ვერ შეასრულა ის მოვალეობა, რაც მას აკისრია, მან ვერ შეინარჩუნა უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში და დღემდე არსებული - ვიცე-სპიკერისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ვაკანსიები ვერ შეავსო. ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი სესია, რომელიც ჩაიშლება. ეს ყველაფერი კი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენების საბაბია.

მოვუწოდებ ბატონ ავთანდილს, მიიღოს გადაწყვეტილება, რამეთუ პროცესი დაწყებულია და ამას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს," - განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ. დეპუტატის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში მისი დისკრედიტაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სამმა დეპუტატმა ის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარადგინა. ჯემალ ფუტკარაძე გარიცხეს ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“. -8 მარტს, უქმე დღეს, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ბატონმა კალაძემ, პრესსამსახურის საშუალებით გავრცელა განცხადება, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარიცხულია პარტიის რიგებიდან და ჩამოთვალა ის მცდარი წინაპირობები, რის საფუძველზეც პარტიიდან გამრიცხეს. ეს გახლავთ პოლიტიკური ამნეზია, ვინაიდან პარტიის ლიდერებმა არ იცოდნენ, რომ ჯემალ ფუტკარაძე 2014 წლის 14 სექტემბრიდან აღარ ითვლებოდა პარტიის წევრად. მე ვიყავი ფრაქციის წევრი და ზუსტად ფრაქციისგან მოვითხოვდი ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერას,- აღნიშნა ჯემალ ფუტკარაძემ. დეპუტატმა ამავე ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის რამაზ ბოლქვაძის გადადგომაც მოითხოვა.