მთავრობის ინიციატივა, რომელიც შეჩერებულ სამშენებლო ობიექტებზე გარკვეულ საგადასახადო შეღავათის გავრცელებას ითვალისწინებს, პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
"საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილების თანახმად, რომლის განხილვაც მთავრობამ პარლამენტისგან დაჩქარებული წესით მოითხოვა, გარკვეული პირობებით დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
კერძოდ, პროექტის თანახმად, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელებული უძრავი ქონების მიწოდება და ასევე სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება. აღნიშნული შეღავათი კი იმ ობიექტებს შეეხება, რომელზეც მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 8 აგვისტომდეა გაცემული.
პროექტის თანახმად, აღნიშნული საგადასახადო შეღავათის პირობა ასეთი სამშენებლო ობიექტების 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ექსპულტაციაში შესვლაა.
2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული ობიექტების ნუსხას მუნიციპალიტეტები განსაზღვრავს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეჩერებული მშენებლობების დასრულების შემთხვევაში, მომავალში მიწოდებით წარმოშობილი დღგ-ს ოდენობა სავარაუდოდ 103 000 000 ლარს შეადგენს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობები შეჩერებულია და შეღავათი მისი განახლება-დასრულების მიზნით წესდება, უწყების ცნობით, შეუძლებელია ზუსტად იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.