ჯავახიშვილი: ვერ ვიტყვი, რომ შავლიაშვილი წარმატებული მინისტრია

ჯავახიშვილი: ვერ ვიტყვი, რომ შავლიაშვილი წარმატებული მინისტრია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს ნოდარ ჯავახიშვილს საკუთარი უწყების ხელმძღვანელი, მინისტრი დავით შავლიაშვილი წარმატებულ მინისტრად არ მიაჩნია. გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ჯავახიშვილი ადასტურებს, რომ თავდაპირველად მასა და შავლიაშვილს „გაუცხოების ეტაპი ჰქონდათ“, თუმცა ამჟამად ურთიერთგაგების გარკვეულ დონეს მიაღწიეს. „ბატონი დავითი ჩემს ასაკსა და გამოცდილებას ანგარიშს უწევს.

ვადასტურებ, რომ ერთმანეთის მიმართ გაუცხოების ეტაპიც გვქონდა. ჩათვალა, რომ გარკვეულ საკითხებში კორექტულად არ ვერეოდი, თუმცა პირისპირ ვისაუბრეთ და მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს შორის ურთიერთობის აუცილებელი ურთიერთგაგების დონეს მივაღწიეთ. შავლიაშვილს მარტივად ავუხსენი, რომ სხვის ბოსტანში არასდროს გადავდივარ“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. მისივე თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მისი გადასვლის მიზანი ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გაზიარება იყო. „არ ვფიქრობ, რომ დავით შავლიაშვილი გამოუცდელი კადრია. რამდენადაც ვიცი, ის გზების დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ წარმატებული მინისტრია“, - აღნიშნა ჯავახიშვილმა.