ვიზიტორების შემცირებამ კვების ობიექტების ბიზნესი ჩააგდო

ვიზიტორების შემცირებამ კვების ობიექტების ბიზნესი ჩააგდო

სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ და ლარის დევალვაციამ კაფე–ბარების ბიზნესს სერიოზული დარტყმა მიაყენა. თბილისში, ტურისტებს შორის ისეთ პოპულარულ ქუჩებზე, როგორიცაა ქიაჩელი, ახვლედიანი და შარდენი, მდებარე ობიექტების მფლობელები მომხმარებელთა მკვეთრ შემცირებას უჩივიან. არის დღეები, როდესაც ზოგიერთი ეს ქუჩა პრაქტიკულად ცარიელია.

ამის მიზეზად კი, სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ასახელებენ, რამაც ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად შეამცირა. 

ქიაჩელზე მდებარე პაბ „დუბლინში“ „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ბოლო პერიოდში მათ მომხმარებლების რაოდენობა დაახლოებით 80%–ით შეუმცირდათ, რაც, როგორც დაწესებულების წარმომადგენელი ამბობს, სავიზო რეჟიმის გამკაცრებისა და ლარის გაუფასურების პირდაპირი შედეგია. 

თუმცა ძირითად მიზეზად მაინც პოლიტიკურ ფაქტორებს ასახელებენ. როგორც „დუბლინში“ ამბობენ, მთელ ქუჩაზე ასეთი ვითარებაა, თუმცა კაფე–ბარების მფლობელები ჯერჯერობით ობიექტების დახურვას არ აპირებენ და სიტუაციის გამოსწორებას ელოდებიან. 

იგივე სიტუაციაა ალთჰაუს „ჩაის სახლში,“ სადაც ასევე საუბრობენ მომხმარებელთა მკვეთრ შემცირებაზე. როგორც ობიექტის წარმომადგენელი ამბობს, ლარის გაუფასურების მიუხედავად მათ ფასები არ გაუზრდიათ, პირიქით –რთული პერიოდის გადატანას ფასდაკლებებით ცდილობენ. 

თუმცა ამან მომხმარებლები ვერ მოუზიდათ. ახლა კი ტურისტების შემოდინებას ელოდებიან. „ჩაის სახლში“ ვიზიტორთა რაოდენობის 50%–იან კლებაზე საუბრობენ. 

ვიზიტორების კლებას უჩივიან შარდენზეც – კაფე „შარდენის 12“–ში მომხმარებელთა კლების მაჩვენებელს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ შემცირება საკმაოდ სერიოზულია და ეს მათ ბიზნესს საგრძნობლად აზარალებს. სიტუაციის გამოსწორებას შარდენზე მდებარე ობიექტები აპრილიდან ელოდებიან, როდესაც ტურისტული სეზონი იწყება. 

შეგახსენებთ, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ, რომელიც გასული წლის 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში, სერიოზულად აზარალა სასტუმრო ბიზნესი. სწორედ აღნიშნული რეჟიმის გამკაცრება და შედეგად ვიზიტორების რაოდენობის შემცირება სახელდება ლარის გაუფასურების ერთერთ მიზეზადაც,