თუ რაიმე უთანხმოება არსებობს პარტიის შიგნით, მასზე საჯარო დისკუსიები გამართვა პარტიის და კოალიციის ინტერესებს აზიანებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა დეპუტატების მხრიდან არმაზ ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებული სსკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ რაიმე უთანხმოება არსებობს პარტიაში, ეს პარტიის შიგნით უნდა მოგვარდეს.
"ნებისმიერი ასეთი სახით საჯაროდ დისკუსიების გამართვა და კონფლიქტი, მე ვფიქრობ, არასწორია და ავნებს როგორც ჩვენი პარტიის, ასევე კოალიციის ინტერესებს. მე ვთვლი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი არის ძალიან მგრძნობიარე. საკითხის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც ამას უდგებიან, როგორც თავის წილ პასუხისმგებლობას. ამ თემის მაღალი მგრძნობიარობის გათვალისწინებით, მივიჩნევ, რომ ემოციების გამოხატვა საჯაროდ არ არის აუცილებელი. ჩვენ ამ საკითხზე რამდენჯერმე ფრაქციაზე ვისაუბრეთ, მათ შორის უმრავლესობის ფორმატში და მე ვფიქრობ, ჩამოვაყალიბებთ ერთიან პოზიციას. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ დღეს, როცა ეს კენჭისყრაზე დადგება. ეს იქნება შეთანხმებული უმრავლესობასა და კოალიციასთან", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
დღეს დეპუტატებმა ზაქარია ქუცნაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ არმაზ ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მოითხოვეს. ხუნდაძე ახვლედიანის განცხადებას ეხმაურება, რომ თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დეპუტატები არ დაემორჩილებიან, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. არმაზ ახვლდიანის თქმით, პოლიტსაბჭომ და პრემიერმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და მხარს უჭერენ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს.
"არმაზ ახვლედიანის განცხადება იყო არამარტო საკუთარი უფლებამოსილების გადამეტება, არამედ ეს იყო შეურაცხყოფა თითოეული დეპუტატისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტსაბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება, ან როგორ შეიძლება მიეღოთ, როცა ფრაქციას ეს საკითხი ჯერ არ განუხილავს. რაც შეეხება დეპუტატების მიმართ ბრძანებლური ტონით საუბარს, შევახსენებ ბატონ არმაზს, რომ დეპუტატი არის ხალხის მიერ არჩეული პირი, რომელსაც თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება აქვს. რა თქმა უნდა, პატივსაცემი და გასათვალისწინებელია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარია თავად დეპუტატის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხის მიმართ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს განსხვავებული აზრისთვის აღარავინ ისჯება", - განაცხადა ხუნდაძემ.