ეუთო-ს გენერალური მდივნის, ლამბერტო ზანიერის განცხადებით, რუსეთის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული "ხელშეკრულებების" გამო შეშფოთებას "ძალიან ხმამაღლა" გამოხატავენ.
როგორც ლამბერტო ზანიერიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალიან შეწუხებულები არიან იმ ნაბიჯების გამო, რომელიც რუსეთმა გადადგა.
"ეს არის მეტი საწინდარი რეგიონში დესტაბილიზაციის. ჩვენ მკაფიოდ გესმის ეს ყველაფერი. შესაბამისად, ძალიან ხმამაღლა გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მარტო შეშფოთება არ არის საკმარისი, ქმედებების განხორციელებაა საჭირო. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ იმ მექანიზმს, რომელიც ჩვენს ხელთ არის – ეს არის დიალოგის ფორმატი, ორგანიზაციის ჩართულობა.
მე თვითანაც ვარ ჩართული ორმხრივ დიალოგებში რუსეთის ფედერაციასთან, რომ მუდმივად რუსეთის ხელისუფლების წინაშე წამოვწიოთ ეს საკითხები.
საერთაშორისო ფორმატს სრულად ვიყენებთ, რომ ეს საკითხები გავაჟღეროთ.
ისევ და ისევ ჟენევის ფორმატზე მაქვს საუბარი, რომელიც ამ კუთხით ყველაზე ქმედითია.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი საკითხი პრაქტიკულადაც შეიძლება განხორციელდეს, იგივე საზოგადოების ჩართვა, რომლებიც სოხუმში, ცხინვალში ცხოვრობენ. ჩვენ გვინდა, რომ ეს საზოგადოებები უფრო ჩაერთონ საერთაშორისო საზოგადოებებში ეუთო-ს მეშვეობითაც რასაკვირველია", -განაცხადა ზანიერიმ.