არმაზ ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდას ზაქარია ქუცნაშვილიც ითხოვს

არმაზ ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდას ზაქარია ქუცნაშვილიც ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს. მის მიერ დაანონსებული განცხადების დეტალების დაკონკრეტებისგან ქუცნაშვილი თავს იკავებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ სრულად იზიარებს და უჭერს მხარს დიმიტრი ხუნდაძის მოთხოვნას, არმაზ ახვლედიანის მიერ ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით.

ქუცნაშვილის შეფასებით, ის რაც ახვლედიანმა განაცხადა, დეპუტატისადმი მუქარაა.

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ მდივან არმაზ ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ხუნდაძე ახვლედიანის განცხადებას ეხმაურება, რომ თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დეპუტატები არ დაემორჩილებიან, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. არმაზ ახვლდიანის თქმით, პოლიტსაბჭომ და პრემიერმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და მხარს უჭერენ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს.

"არმაზ ახვლედიანის განცხადება იყო არამარტო საკუთარი უფლებამოსილების გადამეტება, არამედ ეს იყო შეურაცხყოფა თითოეული დეპუტატისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტსაბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება, ან როგორ შეიძლება მიეღოთ, როცა ფრაქციას ეს საკითხი ჯერ არ განუხილავს. რაც შეეხება დეპუტატების მიმართ ბრძანებლური ტონით საუბარს, შევახსენებ ბატონ არმაზს, რომ დეპუტატი არის ხალხის მიერ არჩეული პირი, რომელსაც თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება აქვს. რა თქმა უნდა, პატივსაცემი და გასათვალისწინებელია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარია თავად დეპუტატის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხის მიმართ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს განსხვავებული აზრისთვის აღარავინ ისჯება", - განაცხადა ხუნდაძემ.

დღესვე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. დავით საგანელიძის ინფორმაციით, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს უჭერს.

როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება დააფიქსირა. მისი თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი არ ყოფილა, იმ დეპუტატთა მიმართ სანქციის გამოყენებაზე, ვინც გვენეტაძეს მხარს არ დაუჭერს.

"პარტიასა და უმრავლესობას თავის დისციპლინა აქვს და გადაწყვეტილება მიღებული კონსენსუსის შედეგად უნდა იქნეს. იმედი მაქვს, სანქციების მიღება არ დაგვჭირდება", - აღნიშნა საგანელიძემ.