თამარ ბერუჩაშვილი დონალ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა

თამარ ბერუჩაშვილი დონალ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა

დღეს კონკრეტული კონსენსუსი მიღწეული არ არის რუსეთისთვის სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ სანქციები რჩება, როგორც მნიშვნელოვანი ელემენტი რუსეთზე ზეწოლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა. ბერუჩაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ტუსკიმ აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არ არის.

"რაც შეეხება სანქციებს და ზომებს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა ბატონმა ტუსკმა, სანქციები რჩება ძალაში. დღეს კონკრეტული კონსენსუსი მათ გაფართოებასთან დაკავშირებით არ არის, მაგრამ სანქციები რჩება, როგორც მნიშვნელოვანი ელემენტი რუსეთზე ზეწოლის. ამ მიმართულებით მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართელოს და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც დღეს განსაკუთრებულ რთულ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ მიუხედავად ამისა აგრძელებს თავის ევროპულ და ევროატლანტიკურ სვლას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის პარტნიორები იყვნენ ერთიანნი და თანმიმდევრულნი იმ არჩევანში, რომ მხარი დაუჭირონ ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ იმ ქვეყნებს, რომელთაც გააკეთეს თავისი არჩევანი", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ ეს მიმართულება გაძლიერდება. ევროკავშირი იქნება თანმიმდევრული, ერთიანი მიუხედავად სირთულეებისა რუსეთთან მიმართებაში.

"იმედი მაქვს, რომ ყველა ინსტრუმენტი სანქციების ჩათვლით დროულად იქნება გამოყენებული ამ მიმართულებით", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არ არის. მისივე თქმით, ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოს მიაჩნია, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარება სანქციების გარეშე შესაძლებელია. ტუსკის აზრით, ევროპამ უნდა ისწავლოს უკრაინის მაგალითზე საფრთხეებთან გამკლავება. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი ერთ-ერთია იმ კრიზისებს შორის, რაც ევროპის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს, ამიტომაც ევროპამ და აშშ-მა ერთად უნდა იმოქმედოს.