"თავისუფალი დემოკრატები" დღეს პრეზიდენტს შეხვდებიან

"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ განუცხადა, ქვეყნის პირველ პირთან რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის საკითხზე კონსულტაციებს გამართავენ. მისივე განმარტებით, უშუალოდ "თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტის ადმინისტრაციას შესაბამისი განაცხადით აღარ მიმართავენ, ვინაიდან გოგუაძის ინფორმაციით, ეს უკვე გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ".

"როგორც იცით, ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადება და პარასკევს მოვითხოვეთ რიგგარეშე სხდომის ჩატარება სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით, რაზეც მივმართეთ როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრებს, რომ შეგვეგროვებინა ხელმოწერები საჭირო განაცხადის გასაკეთებლად. უმრავლესობის მხრიდან ამ მიმართვას, სამწუხაროდ, არავინ გამოხმაურებია, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" თვითონ შეადგინა თავისი დღის წესრიგი და შეიტანა ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. რადგან "ნაციონალებმა" განაცხადი უკვე გააკეთეს, ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, რომ ხელმოწერების ახალი სია შევადგინოთ. სპორტული შეჯიბრი ხომ არ არის? მთავარია, რიგგარეშე სხდომის მოწვევა დადგეს დღის წერიგში. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვაპირებთ პრეზიდენტთან შეხვედრას და კონსულტაციების გაგრძელებას ამ საკითხზე. "ნაციონალებისგან" განსხვავებით, რომელიც მთელი მთავრობის მოწვევას ითხოვს, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია სხდომაზე ეკონომიკური გუნდის მინისტრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დასწრება, რათა ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ ობიექტური მიზეზები იმ სავალუტო კრიზისისა, რომელიც შექმნილია საქართველოში", - განაცხადა გოგუაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტთან შეხვედრა დღეს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება.