ლამბერტო ზანიერი:   ვეძებთ გზებს, რათა საქართველოში ეუთოს ყოფნა აღვადგინოთ

ლამბერტო ზანიერი: ვეძებთ გზებს, რათა საქართველოში ეუთოს ყოფნა აღვადგინოთ

ეუთო-ს გენერალური მდივნის ლამბერტო ზანიერის განცხადებით, ეძებენ გზებს რათა საქართველოში ეუთოს ყოფნა აღადგინონ.

ამის შესახებ ლამბერტო ზანიერიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მათ ძალიან აწუხებთ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა და ასევე მავთულხლართების და ღობეების აღმართვა.

"ძალიან ვწუხვართ, რომ ამგვარი ვითარება გრძელდება. ვისურვებდით, რომ როგორც ევროპაში აღიკვეთა ყველანარი საზღვრები და ღობეები, აქაც ისევე აღიკვეთოს. ეს ყველაფერი ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანებს აღარ აქვთ საშუალება თავისუფალი გადაადგილების. უამრავი გზა არსებობს, რომ ვეცადოთ ამ პრობლემების გადაჭრას. მთავარი არის დიალოგი, როგორიც არის ჟენევა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მოლაპარაკებები. სამწუხაროა, რომ გალის ფორმატი აღარ მუშაობს და ვისურვებდით, რომ პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას. ჩვენ ვეძებთ გზებს რომ ეუთოს ფარგლებში ჩვენი ყოფნა ადგილზე აღვადგინოთ, რათა უკეთესი და ხანგრძლივი ვადით შევძლოთ ამ საკითხებზე მუშაობა", - განაცხადა ზანიერიმ.

მისივე თქმით, უკვე ანვითარებენ გარკვეულ იდეებს, რომ ახალი პროექტები განხორციელდეს. ამ კუთხით მან გამოყო გორის მუნიციპალიტეტი, სადაც წყალმომარაგების კუთხით მუშაობენ.

"ჩვენ გვინდა წვლილი შევიტანოთ თანამშრომლობის გაძლიერებაში. საკითხები რაც შეიძლება დეპოლიტიზირებული უნდა გავხადოთ. რასაკვირველია, ადგილზე რომ ვიყოთ უფრო იოლი იქნებოდა როგორც პოლიტიკური, ასევე სხვა პრობლემების გადაჭრა", - აღნიშნა ლამბერტო ზანიერიმ.