ჯემალ ფუტკარაძის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით

ჯემალ ფუტკარაძის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ჯემალ ფუტკარაძე პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული" საქართველოდან გარიცხეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ფუტკარაძემ წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ მოახდინა დისციპლინარული გადაცდომა, რის შედეგადაც პარტიის სამდივნომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. 

"8 მარტს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამდივნომ განიხილა პარტიის წევრის - ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების საკითხი. პარტიის გენერალურმა მდივანმა - კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტიის წევრმა ჯემალ ფუტკარაძემ, მას შემდეგ, რაც მან 2014 წლის 14 სექტემბერს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით მიიღო წერილობითი საყვედური, განმეორებით დაარღვია პარტიის წესდება, უგულვებელყო წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოახდინა პარტიის დისკრედიტაცია.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამდივნომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვის გამოყენებულ იქნა პარტიის წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური ზომა - პარტიიდან გარიცხვა", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.