საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ქართველი სამხედრო კურსანტების გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. როგორც ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს დანაკარგი საქართველოსთვის აუნაზღაურებელია.
"უკიდურესად შემძრა ნიუ-ჯერსიში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის სოსო მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვის ამბავმა. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდნენ სამხედრო სასწავლო კურსს, რათა იქ მიღებული ცოდნა საკუთარი სამშობლოსათვის მოეხმარათ. აუნაზღაურებელია ეს დანაკარგი და უდიდესი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის. ვიზიარებ გარდაცვლილების ოჯახების მწუხარებას, თანავუგრძნობ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მთელ საქართველოს", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ნიუ-ჯერსში ავარია, რომელსაც ქართველი კურსანტები ემსხვერპლნენ, გუშინ გამთენიისას მოხდა. ავტოავარიის შედეგად ერთი ქართველი კურსანტი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ.
ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქე მართავდა. იგი ამჟამად ჰოსპიტალშია მოთავსებული.