თავდაცვის დაფინანსებას კვეცავენ, მის ტელეკომპანიას კი - კუმშავენ

თავდაცვის დაფინანსებას კვეცავენ, მის ტელეკომპანიას კი - კუმშავენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ეტაპობრივად მცირდება. 2 წელიწადში თავდაცვის უწყებას 200 მილიონ ლარზე მეტი მოაჭრეს. ასეთი “მწირი” ბიუჯეტის პირობებში თავდაცვის უწყებაში, შესაძლოა, რიგი მიმართულებების დაფინანსებას პრობლემები შეექმნას.

 

2011 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 660 000.0 ათასი ლარით უნდა დაფინანსდეს.  2010 წელს სამინისტრო 744 550 ათასი ლარით ფინანსდება, 2009 წლის დაფინანსება კი 868 565.7 ათასი ლარი შეადგენდა.

 

არადა იყო დრო, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ ლარს აღემატებოდა. თუმცა, ასეთი სოლიდური დაფინანსების პრობებშიც კი ბევრი არაფერი შეცვლილა, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირისპირებამაც კარგად წარმოაჩნია.

 

2011 წლის, 660 მილიონიანი დაფინანსებიდან უზარმაზარი ლუკმა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ერგო (641 მლნ 132 ათასი ლარი).  თავდაცვის სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის 18 მლნ 867 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც თითქმის სამჯერ აღემატება ამ მიმართულებით მიმდინარე წელს გაწერილ ხარჯებს. 

 

სამხედრო ჰოსპიტალის დაფინანსება გაისადაც 6,249 ათასი ლარი იქნება, კადეტთა სამხედრო ლიცეუმისთვის 3,648.3 ათასი ლარი დაიხარჯება. დანარჩენი თანხები  თავდაცვის უწყებაში გადასულ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს მოხმარდება. 

 

2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ  არ დაუწყია. განხილვის პროცესში თანხები შესაძლოა შეიცვალოს.  მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლო პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.

 

ასეთი “მწირი” დაფინანსების პირობებში გამორიცხული არ არის თავდაცვის უწყებაში ხარჯების ოპტიმიზაცია მოხდეს. სხვათა შორის, ამის ნიშნები უკვე სახეზეა. თავდაცვის სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ტელეკომპანია “საქართველო” რთული ფინანსური პრობლემის წინაშე დგას.

 

არხიდან ჟურნალისტები უკვე წავიდნენ და მიზეზიც ფინანსური სიდუხჭირე იყო. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინათ, ეთერიდან მოიხსნა საინფორმაციო პროგრამა “თავდაცვა დღეს”. როგორც ამბობენ, საინფორმაციო გადაცემის შეჩერების მიზეზიც ფინანსური პრობლემები გახდა.

 

ტელეკომპანია “საქართველო” უკვე 3 წელია მაუწყებლობს, მაგრამ აქამდე რთული პრობლემების წინაშე არ დამდგარა.

 

თავდაცვის უწყებაში კი ამტკიცებენ, რომ არხზე მიმდინარე პროცესები მხოლოდ რეორგანიზაციაა და “საქართველო” არ დაიხურება.  ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ჯაფარიძის თქმით, ტელეკომპანიის დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

“ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, არხზე მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი. ტელეკომპანიიდან რამდენიმე ჟურნალისტის გათავისუფლებაც სწორედ ამ მოსაზრებით მოხდა.  ტელეკომპანია სულ 15-მდე შტატიანი ჟურნალისტის ყოლას ითვალისწინებს.

 

არხი გეგმავს მაყურებლის წინაშე განახლებული გადაცემებითა და პროექტებით წარდგეს. არხს არც კუთვნილი ბიუჯეტი შემცირებია, მოსალოდნელი სიახლეები კი, საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი”, - აცხადებს გიორგი ჯაფარიძე.